ახალი ამბები

პრეზიდენტი: ივანიშვილი, როგორც ოცნების ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი

14 ივნისი, 2018 • 3534
პრეზიდენტი: ივანიშვილი, როგორც ოცნების ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ როგორც ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რითიც დასრულდება მასკარადი, როდესაც ჩნდება კითხვები პრემიერ-მინისტრების თანამდებობიდან წასვლის თაობაზე.

“საზოგადოებისთვის გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ წავიდა ბატონი კვირიკაშვილი თანამდებობიდან. იმიტომ, რომ იმ პროცესში, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და რომელშიც ბატონი კვირიკაშვილის გუნდი ეკონომიკურ მიმართულებას ავითარებდა, ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკა და მოქალაქეების კეთილდღეობა უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ წარუმატებელი იყო ბატონი კვირიკაშვილის საქმიანობა. ეკონომიკურ პრობლემებზე ერთი თვის წინ პარლამენტში ვისაუბრე, მაგრამ მაშინ სრული მიუღებლობა იყო იმ ჭეშმარიტების, რომ დასაქმების მიმართულებით სირთულეები არსებობს.

უცებ იუნისეფის კვლევამ გასაგები გახადა საქართველოს მთავრობისთვის, რომ ეს პრობლემა არსებობს. ბატონი კვირიკაშვილის გუნდის მიერ 2 წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება შეფასდეს, როგორც წარუმატებელი და უარყოფითი. ამავე ფონზე სრულიად გაუგებარია, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე არ ხდება კომენტირება და არ ხდება იმ მთავარ პრობლემაზე, რის გამოც საზოგადოება აქტიურად აპროტესტებს ქვეყნის პოლიტიკას, რომელიც ეხება სწორედ მართლმსაჯულების საკითხებს. საზოგადოება ერთი თვეა აქტიურად აფიქსირებს თავის პოზიციას სამართლიანობასა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვეძლევა ახალი ვერსია, რომ თურმე იუნისეფის კვლევიდან გამომდინარე, თურმე კვირიკაშვილს ვერ აუგია ეკონომიკა და ამის გამო მიდის პრემიერ-მინისტრი, რომელიც შეიძლება ამ მიმართულებით დახასიათდეს პრინციპული ნაბიჯების გადამდგმელად, მიდის თანამდებობიდან.

ყოველივე ეს და მათ შორის კვირიკაშვილის გუშინდელი გადადგომის მოხსენება, სწორედაც რომ ჩვენი ევროპული და გამჭირვალე პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. გუშინ ბატონი პრემიერი წავიდა თანამდებობიდან და თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს, ანუ ბიძინა ივანიშვილს უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ დააკომპლექტოს ახალი მთავრობა. მიმაჩნია, რომ ეს პროცესები გასაგები, განჭვრეტადი და გააზრებული უნდა იყოს საზოგადოების მიერ. საზოგადეობისთვის გასაგები უნდა იყოს, უცებ თანამდებობიდან რატომ მიდიან პრემიერ-მინისტრები, რომლებიც არიან წარმატებული პრემიერ-მინისტრები, ისე როგორც წინა პრემიერ-მინისტრის, ღარიბაშვილის წასვლის დროს მოვისმინეთ, რომ წარმატებული პრემიერ-მინისტრია. რატომ მიდიან წარმატებული პრემიერ-მინისტრები, ამ ყველაფრის უკან რა არგუმენტი დგას, რა პრინციპით და რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ახალი პრემიერ-მინისტრები?

მიმაჩნია, რომ ეს მასკარადის პერიოდი, როდესაც უცებ ირჩევიან პრემიერ-მინისტრები, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია. ეს უნდა დამთავრდეს, თუ ევროპული სახელმწიფოს ფორმირებაზე ვსაუბრობთ. იქ [ვროპაში] პრემიერ-მინისტრები არიან მმართველი პარტიის ლიდერები. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებელიან პოლიტიკაზე და თუ ჩვენ ვკლაპარაკობთ ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის გასაგებია, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი პრემიერ-მინისტრის დანიშვნასა და არჩევაზე, რომლის მიმართაც არ გაჩნდება კითხვები, რატომ  წავიდა თანამდებობიდან და რომელიც პასუხისმგებელია თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და რომელსაც ძალაუფლება და შესაძლებლობა გააჩნია ამ გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარების.

მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით ვერთიანდებით და ვმსჯელობთ. ამ რაღაცნაირი პროცესის დასასრული უნდა იყოს ეს, როდესაც არ ვიცით, ვინ რა პრინციპით ხსნის პრემიერ-მინისტრებს. რა პრინციპით არჩევს პრემიერ-მინისტრებს და მოვუწოდებ საქართველოში პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალებს, რომ აიღონ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მათ შორის მმართველ პარტიას ყველაზე მეტად, დაასახელონ პრემიერ-მინისტრად პარტიის ლიდერი, რომელთან მიმუშავია, როგორც პრემიერ-მინისტრთან და შემიძლია ვთქვა, რომ ის კარგი პრემიერ-მინისტრი იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გამოცდილებით. ივანიშვილთან ვმუშაობდი მე როგორც მინისტრი და თანამშრომლობა ძალიან საინტერესო და ეფექტური იყო. მაგრამ ეს მასკარადი, როდესაც ინიშნებიან პრემიერ-მინისტრები და გადაწყვეტილების მიმღები თურმე არის პარტია და ეს არ გამოიხატება რეალურ ცხოვრებაში, ავნებს საქართველოს, ავნებს საქართველოს ევროპულ არჩევანს და ავნებს საქართველოს სტაბილურობას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გუშინ, 13 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, გამოსამშვიდობებელ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ უნდა მისცეს შესაძლებლობა პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, მთავრობა დააკომლპექტოს. კვირიკაშვილი 2014 წლის 30 იანვრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე იკავებდა ამ თანამდებობას.

ასევე მოულოდნელად დატოვა თანამდებობა კვირიკაშვილის წინამორბედმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტის ბიძინა ივანიშვილის შემდეგ დაიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი