ახალი ამბები

ნიკა მელია – ღარიბაშვილი უფრო ღირსეულად წავიდა, ვიდრე გიორგი კვირიკაშვილი

13 ივნისი, 2018 • 1706
ნიკა მელია – ღარიბაშვილი უფრო ღირსეულად წავიდა, ვიდრე გიორგი კვირიკაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც თანმდებობა 2015 წლის ბოლოს დატოვა, უფრო ღირსეულად წავიდა, ვიდრე გიორგი კვირიკაშვილი. ნიკა მელიას შეფასებით, იმ ვითარების ფონზე, რაც ქვეყანაშია, ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილს ეკონომიკურ მიღწევებზე არ უნდა ესაუბრა.

“ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბოლო მთავრობა, რომელსაც ის დააკომპლექტებს. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უფრო ღირსეულად წავიდა, ვიდრე ბატონი კვირიკაშვილი. ღარიბაშვილმა ის მაინც თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მომიყვანა და მანვე გამიშვაო. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, თითქოს თვეების განმავლობაში უთანხოება აქვს პარტიის თავმჯდომარესთან. არადა, პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი სულ რაღაც სამი კვირის წინ დანიშნეს. ამ ნაწილშიც ძალიან ცინიკური იყო მისი განცხდება. საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკური აღმავლობაა მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 72% მიიჩნევს, რომ უმუშევრობა დღითიდღე იზრდება და ამასთანავე,  ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კორუფციაზე საუბრობს, როგორ უბრუნდება საერთოდ ენა, რომ ქვეყანაში კარგ ვითარებას ტოვებს,”-აცხადებს ნიკა მელია.

დღეს, 13 ივნისს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ჰქონია პარტია “ქართული ოცნების”თავმჯდომარესთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან და მიიჩნევს, რომ ახლა მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სურვილისამებრ დააკომპლექტოს მთავრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი