ახალი ამბები

„საქართველოს ევროპულ გზა“ – ხვალ კონფერენციაზე კვირიკაშვილი სიტყვით აღარ გამოვა

13 ივნისი, 2018 • 1348
„საქართველოს ევროპულ გზა“ – ხვალ კონფერენციაზე კვირიკაშვილი სიტყვით აღარ გამოვა

გიორგი კვირიკაშვილი მისასალმებელი სიტყვით უნდა გამოსულიყო საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპულ გზა“, რომელიც ბათუმში ხვალ, 14 ივნისს იხსნება.  კონფერენციამდე ერთი დღით ადრე პრემიერ-მინისტრი თანამებობიდან გადადგა. შესაბამისად, ის კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით აღარ გამოვა. 

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ უფლემოსილება შეუწყდა მთავრობის წევრებს, არადა პროგრამის მიხედვით საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს უნდა გაეხსნა, ხოლო  მინისტრის რანგში კონფერენციაზე სიტყვით უნდა გამოსულიყვნენ თეა წულუკიანის, ლევან იზორია და ქეთევან ციხელაშვილი. ახლა ისინი მინისტრების მოვალეობის შემსრულებლები არიან. 

როგორც „ბათუმელებს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ამ ეტაპზე კონფერენციის გეგმაში რაიმე ცვლილება არაა და ყოფილი მინისტრები მასში მონაწილეობას მიიღებენ.

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება. კონფერენცია მონაწილეებისთვის წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას ერთად იმსჯელონ ევროპის, რეგიონისა და მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებზე, არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე და განიხილონ აღნიშნულ პროცესებში საქართველოს და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების როლი.

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით, ახალი მთავრობის შექმნამდე, მთავრობის მოქმედ შემადგენლობას მოვალეობის შესრულება დაევალა.

„საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 80(1) მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დაეკისროს მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე,“ -წერია პრეზიდენტის განკარგულებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი