ახალი ამბები

ბიზნესცენტრი და ხელოვნების შედევრები ივანიშვილის დეკლარაციის მიღმა

13 იანვარი, 2014 • 6806
ბიზნესცენტრი და ხელოვნების შედევრები ივანიშვილის დეკლარაციის მიღმა

ივანიშვილმა, კანონის თანახმად ქონებრივი დეკლარაცია ორჯერ შეავსო – 2012 წლის 25 დეკემბერს, როგორც პრემიერ-მინისტრმა და 2013 წლის 31 დეკემბერს, როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

ბიზნესცენტრი, სადაც ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს და მისი პრემიერ-მინისტრობის დროს მთავრობის სხდომებსაც მართავდა, ასევე, უცხოურ დელეგაციებს იღებდა, ბიძინა ივანიშვილს არც ერთ დეკლარაციაში არა აქვს შეტანილი.

 

მთაწმინდაზე მდებარე მილიარდერის ბიზნესცენტრი, რომელიც იაპონელმა არქიტექტორმა შინ ტაკამაცუმ დააპროექტა, ზოგი წყაროს ცნობით, 40 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, ზოგიერთი კი 50 მილიონ აშშ დოლარს მიუთითებს.

 

თავად ბიძინა ივანიშვილს  არასოდეს უარყვია, რომ ეს ბიზნესცენტრი მის საკუთრებას არ წარმოადგენს – ერთ-ერთ პირველ სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც მან ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილს მისცა, ყვება, როგორ მუშაობდა ის  და მისი მეუღლე შენობის ინტერიერის დიზაინზე.

 

თუმცა საკუთარი ბიზნესცენტრის ქირაობაში ბიძინა ივანიშვილი წელიწადში 194460.00 USD იხდის. სწორედ ეს თანხა აქვს ორივე დეკლარაციაში მითითებული ივანიშვილს იჯარისთვის, რომელიც შპს “ფინსერვის XXI”-ს  გადაურიცხა.   ბიზნესცენტრის მფლობელი კომპანიაა საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით სწორედ   შპს “ფინსერვის XXI”-ია, რომელიც სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის კომპანიაა, თუმცა ის არც დეკლარაციაში აქვს მითითებული და არც საჯაროო რეესტრის მონაცემებში ფიგურირებს, როგორც მფლობელი.

 

შპს  “ფინსერვის XXI”,  რეესტრის მონაცემებით, ორი პარტნიორი ჰყავს:  შპს ფინ-სერვისი ( 99.54500000%)   და შპს ჰორიზონტი (0.45500000%).  შპს ფინ-სერვისის დამფუძნებელია ოფშორში რეგისტრირებული , ვიზელია ენთერპრაიზის ლიმიტედი. შპს “ჰორიზონტი” კი ორი დამფუძნებელი ჰყავს, რომელთაგანაც ერთი ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული, მეორეს დამფუძნებელი კი მითითებული საერთოდ არ არ არის.

 

“ფინსერვის XXI”,  რომელიც ბიძინა ივანიშვილისგან წელიწადში ბიზნესცენტრის იჯარისთვის  338360 [ამჟამინდელი კურსით] ლარს იღებს, ამაზე მეტს უნდა  იხდიდეს ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით, რადგან ორგანიზაციებისთვის  ქონების გადასახადი საბალანსო ღირებულების 1% -ს შეადგენს.  თუ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის საბალანდო ღირებულება 50 მილიონი აშშ დოლარია, ამ ქონების წლიური ქონების გადასახადი 870 000 ლარია.

 

ბიზნესცენტრის გარდა, ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის  მიღმაა დარჩენილი ხელოვნების ნიმუშები, რომელთა ღირებულება რამდნეიმე მილიონს შეადგენს.   მაგალითად, ის ფლობს პიკასოს სურათს  “დორა მაარი კატასთან ერთად”, რაშიც, ფორბსის მიხედვით, 2006 წელს “სოთბის” აუქციონზე 95 მილიონი დოლარი გადაიხადა. ეს და დამიენ ჰერსტის, როი ლიხტენშტეინის, ანიშ კაპურის და გილბერტ & ჯორჯის ნამუშევრები დეკლარაციის მიღმაა დარჩენილი. გრაფა – თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების ან/და შენატანის, ნაღდი ფულადი თანხის გარდა), რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს – ბიძინა ივანიშვილის დეკლარაციაში ცარიელია.

 

შეგახსნებეთ,  ქონებრივი დეკლარაციია ასახავს იმ ქონებას, რომელიც თავად პირმა გაასაჯაროვა. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებში მითითებული ქონების სიზუსტის დადგენას ამა თუ იმ საჯარო უწყების მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი