ახალი ამბები

“ცვლილებები კვლავ მნიშვნელოვანი სამიტის წინ ხდება” – ბენიძე მთავრობის გადადგომაზე

13 ივნისი, 2018 • 1617
“ცვლილებები კვლავ მნიშვნელოვანი სამიტის წინ ხდება” – ბენიძე მთავრობის გადადგომაზე

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე გიორგი კვირიკაშვილის პრემიერის პოსტიდან გადადგომას ეხმაურება.

ის პრემიერის გადადგომამდე ერთი დღით ადრე “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებებს იხსენებს, როცა აღნიშნავდნენ, რომ სხდომაზე საკადრო ცვლილებები არ განუხილავთ. მისი თქმით, მთავრობის ლეგიტიმაცია ამ ფონზე გაუგებარია. ბენიძის თქმით, პროცესები არაადეკვატურია იმ ფონზეც, როცა ნატოს სამიტამდე სულ მცირე დრო რჩება.

“სრულიად გაუგებარია, რა ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს საქართველოს მთავრობას საკუთარი ამომრჩევლის ან საერთაშორისო პარტნიორების თვალში.

ერთ დღეს უმრავლესობის წევრები ტროლავენ ქვეყანას, რომ საკადრო ცვლილებებზე არ საუბრობდნენ და კვლევას განიხილავდნენ, 24 საათში კი პრემიერი აკეთებს გადადგომის შესახებ განცხადებას.

ჯერ პრემიერი და მთავრობის წევრები არ აღიარებენ კრიზისს ყველაზე რთულ სიტუაციაში და მერე უცბად, სიტუაციის ჩაცხრომის მერე, ზემოდან ბრძანებით თანამდებობას ტოვებს პრემიერი.

უკვე მეორედ, მნიშვნელოვანი სამიტის წინ ხდება ცვლილებები მთავრობაში. ჯერ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს დაამთხვიეს სამინისტროების გაერთიანება და ევროინტეგრაციის სამინისტროს გაუქმება. ახლა ნატოს სამიტის წინ, როცა მთელი რესურსი დიპლომატიურ ძალისხმევაზე უნდა იყოს მიმართული. შეიძლება 3 კვირა მთავრობა არ გვყავდეს და უკვე აღარ ვიცი, ეს დამთხვევაა თუ მიზანმიმართული ქმედება.

მოკლედ, მართლა ჰაჰართველო ვართ”, – აღნიშნავს მიხეილ ბენიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი