ახალი ამბები

ბელგია საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავშესაფარი არ მოითხოვონ

13 ივნისი, 2018 • 5819
ბელგია საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავშესაფარი არ მოითხოვონ

მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივნის, თეო ფრანკენის თქმით, საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ბელგიაში თავშესაფარს ითხოვენ, თითქმის გასამმაგდა, რაც ვიზალიბერალიზაციის შედეგისთვის ნეგატიური მოვლენაა. მისივე განმარტებით, ბელგია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ, მნიშნვლეოვანია საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ბელგიაში თავშესაფარი არ მოითხოვონ.

აღნიშნული კომენტარი ფრანკენმა დღეს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრის დროს გააკეთა. სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრმა ბელგიის დელეგაციას ის სიახლეები გააცნო, რომელთაც მიგრაციის სფეროს რეგულირებისათვის საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. საუბარი შეეხო საემიგრაციო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს; უსაფრთხო დოკუმენტებს; საკანონმდებლო რეფორმებს; საინფორმაციო კამპანიას უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევებისა და თავშესაფრის მოთხოვნის არასწორად გამოყენების წინააღმდეგ.

“ჩვენ განვიხილეთ ბელგიაში თავშესაფრის მოთხოვნის ზრდის საკითხი. საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ბელგიაში თავშესაფარს ითხოვენ, თითქმის გასამმაგდა და ეს აბსოლუტურად უარყოფითად მოქმედებს ვიზალიბერალიზაციის შედეგებზე, რომელიც საქართველომ მიიღო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებმა იცოდნენ, რომ მათ არ უნდა მოითხოვონ თავშესაფარი ბელგიაში, რადგან ბელგიისთვის საქართველო სტაბილური, დემოკრატიული და უსაფრთხო ქვეყანაა და, შესაბამისად, ქართველები არ ექვემდებარებიან თავშესაფრის მიღებას, როგორც, მაგალითად, ლტოლვილები სირიიდან. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ქართველებს თავისუფლად შეუძლიათ ეწვიონ ბელგიას ტურისტული თუ საოჯახო ვიზიტებით, მაგრამ არა თავშესაფრის მოთხოვნით. სწორედ ეს საკითხები განვიხილეთ ჩვენ დღეს და ის გზები, თუ როგორ შეგვიძლია ერთად მუშაობა, რათა შევაჩეროთ ქართველების მიერ სავიზო რეჟიმის პრინციპების დარღვევის შემთხვევები თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურების კუთხით“, – განაცხადა მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანმა თეო ფრანკენმა

მასალების გადაბეჭდვის წესი