ახალი ამბები

რა შემთხვევაში ჩატარდება მერის რიგგარეშე არჩევნები მარნეულში

13 ივნისი, 2018 • 1806
რა შემთხვევაში ჩატარდება მერის რიგგარეშე არჩევნები მარნეულში

პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა, რომელსაც ბრალი  მოქალაქის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აბაზოვს 5-დან 10-წალმდე პატიმრობა ემუქრება.

იმ შემთხვევაში, თუ მარნეულის მერს სასამართლო შეუფარდებს აღკვეთის სახით პატიმრობას, მას უფლებამოსილება შეუჩერდება. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართვლეობის კოდექსის მიხედვით, ასეთ დროს მერის უფლებამოსილებას მისი პირველი მოადგილე შეასრულებს. თუმცა უფლებამოსილების შეჩერება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობა არ არის.

არჩევნები იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ მარნეულის მოქმედ მერს სასამართლოს სამივე ინსტანცია გაამტყუენებს.

როგორც “ნეტგაზეთს” “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის სააერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) იურისტმა ნინო რიჟამაძემ განუმარტა,  თვითთმართველობის კოდექსის მიხედვით, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია სასმართლოს საბოლოო ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, ან ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადის გასვლა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ჩაითვლება, რომ მერს შეწყვეტილი აქვს უფლებამოსილება:

“ხოლო საარჩევნო კონდექსის მიხედვით მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება მაისში ან ოქტომბერში იმ შემთხვევაში, თუ მერს უფლებამოსილება შეუწყდა თებერვლიდან 15 ივლისის ჩათვლით, მაშინ არჩევნები ჩატარდება ოქტომბრის თვეში, ხოლო თუ 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდება, ეს არჩევნები ჩატარდება მაისში,” – ამბობს იურისტი.

რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაშიც დაინიშნება, თუ მერი პირადი განცხადების საფუძველზე მოიხსნის დაკისრებულ უფლებამოსილებას.

მარნეულის მერი დააკავეს მოქალაქეზე არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით

მასალების გადაბეჭდვის წესი