ახალი ამბები

ასეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია არ მინახავს – ქუცნაშვილი

13 ივნისი, 2018 • 4089
ასეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია არ მინახავს – ქუცნაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გუშინ, 12 ივნისს “ქართული ოცნების” ოფისში ჩატარებულ შეხვედრაზე საუბრობს, რომელსაც მინისტრთა კაბინეტი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.

ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრეს. პარლამენტის წევრის თქმით, ხელისუფლების შიგნით აზრი ორად არის გაყოფილი და ნაწილი თვლის, რომ არსებული ეკონომიკური ვითარება გარე ფაქტორებს უკავშირდება, ნაწილი კი თვლის, რომ შესაძლებელი იყო ამ საგარეო ფაქტორების ეროვნულ ეკონომიკაზე გავლენის შერბილება.

“შეხვედრაზე ვმსჯელობდით შეიძლებოდა თუ არა გარე ფაქტორების თავიდან აცილება, რათა მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალი არ შემცირებულიყო. შევთანხმდით, რომ მთლიანად აცილება შეუძლებელი იყო. ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი, უკრაინა და რუსეთია. თურქეთში ლირის საშინელი გაუფასურება მიმდინარეობს, უკრაინაში ომია, ხოლო რუსეთი ევროპული და ამერიკული აკრძალვების ქვეშ არის. აქედან გამომდინარე, გარე ფაქტორებმა,, ბუნებრივია, უარყოფითი როლი შეასრულეს,”- განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში ზაქარია ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, თითოეული წევრის პოზიციაზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს, თუმცა როგორც ის ამბობს, შეხვედრის განმავლობაში ეკონომიკურ საკითხებზე ცხარე დისკუსია მიმდინარეობდა.

“ასეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია არ მინახავს,”-ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

ქართული მედიასაშუალებების ნაწილი 12 ივნისის დილიდან ავრცელებდა ინფორმაციას, რომ სამთავრობო ცვლილებები იგეგმებოდა. საუბარი იყო იმის შესახებ, რომ პოსტები შესაძლოა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს დაეტოვებინათ. ამ ხმების პარალელურად, გუშინ “ქართული ოცნების” უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ პარტიის ოფისში გამართული 3-საათიანი კონსულტაციების დროს “ქართული ოცნების” წევრები UNICEF-ის მიერ 12 მაისს გამოქვეყნებულ  კვლევაზე საუბრობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი