ზაზა სარალიძე შსს-ში დაიბარეს

ხორვას ქუჩაზე ახალგაზრდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მოკლულის, დათო სარალიძის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 13 ივნისსაა დაბარებული.

შსს-მ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 1 ივნისს დაიწყო გამოძიება,  რათა დაადგინოს პირები, ვინც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში არის სარალიძე დაბარებული.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. იგი ასევე ითხოვს შს მინისტრის და იუსტიციის მინისტრის გადადგომას.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე 31 მაისს, გადადგა. მის გადადგომა წინ უძღოდა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციაб, რომელმაც პროკურორის გადადგომის შემდეგ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com