ახალი ამბები

რემონტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მეუფე დიმიტრის კურთხევით

11 იანვარი, 2014 • 2558
რემონტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მეუფე დიმიტრის კურთხევით

 

 

„ბარბარეს ტაძარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ნებისმიერი ჩარევა ამ ძეგლზე, ლურსმანის მიჭედებაც კი, არის დანაშაული. კონსტიტუციაში წერია, რომ ნებისმიერი მოქალაქე ვალდებულია დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და როგორ შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფას ვინმემ ნებართვა მისცეს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვა არ აქვს გაცემული, არც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს არა აქვს ნებართვა გაცემული. მათი ნებართვის გარეშე, ბუნებრივია, სამუშაოები არ უნდა ჩატარდეს“- განაცხადა შოთა გუჯაბიძემ.

 

წმ. ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (მამალაძე) ამბობს, რომ მათ სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის კურთხევა მიიღეს:

 

 „ჩვენ ნებართვა გვაქვს, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევა. თუ ძეგლთა დაცვის ნებართვა საჭიროა, იმასაც ავიღებთ, იმიტომ, რომ ჩვენთვის დღემდე უცნობი იყო, გვჭირდებოდა თუ არა ნებართვა, რადგან ადგილობრივმა ძეგლთა დაცვის უწყებამ და მერიამ გვითხრა, ეს ჩვენ არ გვეხებაო. თბილისში ჩვენი საკითხი საქართველოს საპატრიარქოს ეხება, რომელმაც პროექტი დაამტკიცა.  საპატრიარქო  პროექტს დამტკიცების შემდეგ აგზავნის საქართველოს ძეგლთა დაცვაში. მანამდე კი ჩვენ სამუშაოების დაწყებას არ ვაპირებთ“.   

 

ეკლესიის წინამძღვარის განმარტებით, წმ. ბარბარეს ტაძარზე დღეს მიმდინარე სამუშაოები მრევლის შემოწირულებით  კეთდება. მამა გიორგი ამბობს, რომ 2013 წელში მომხდარმა მიწისძვრამ კედლის ბათქაში დაბზარა, რომლის გამოცვლაც ერთი წელია მიმდინარეობს. ეკლესიაზე მოხსნილია ცოკოლის ქვა და იგეგმება მისი მოჩუქურთმება ბოლნისის ტუფის ქვით. უკვე მოხსნილია მოხსნილია დერეფნის სახურავი, რომელიც ეკლესიას გვერდით მდებარე ნაგებობასთან აკავშირებს.  

 

ეკლესიის წინამძღვარი ამბობს, რომ სამუშაოები, რომელიც დაწყებულია, არის არა უნებართვო მშენებლობა, არამედ რესტავრაციისთვის წინა სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი, მშენებლობა კი ოფიციალური ნებართვის შემდეგ დაიწყება.

 

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ბიძინა აფხაზავას განმარტებით, ამ თემაზე მას მხოლოდ სიტყვიერად მიმართეს ეკლესიიდან და არა ოფიციალურად და მათ განემარტათ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო საკულტო ნაგებობებზე მშენებლობის ნებართვას არ გასცემს, ეს ფუნქცია საქართველოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ეროვნულ სააგენტოს აქვს.

 

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ეროვნულ სააგენტოში კი ამბობენ, რომ უქმე დღეებში ვერ შეძლებენ გარკვევას, განსახილველად შესულია თუ არა სააგენტოში წმ. ბარბარეს ეკლესიის რესტავრაციის პროექტი.  

 

 

შეგახსენებთ, რომ კანონით კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლზე აკრძალულია სამუშაოების ჩატარება შესაბამისი ნებართვის გარეშე. 

 

წმ. ბარბარეს ეკლესიის სააღრიცხვო ბარათში აღნიშნულია, რომ შენობა მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზეა აგებული და ამ ადგილას მდებარე ძველი ჰოსპიტალის შენობების დანგრევის შემდეგ (1990 – იანი წწ.) ეკლესიამ ქალაქგეგმარების თვალსაზრისითაც შეიძინა მნიშვნელობა, როგორც ძველი განაშენიანების ნაწილმა. ეკლესიის წინამძღვრის თქმით შენობა ბოლოს 1996 წელს გარემონტდა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი