ახალი ამბები

“მე რა შუაში ვარ? ჩემი სახელი რატომ ფიგურირებს ამ საქმეში” – სულეიმანოვი ბრალდებას უარყოფს

13 ივნისი, 2018 • 3910
“მე რა შუაში ვარ? ჩემი სახელი რატომ ფიგურირებს ამ საქმეში” – სულეიმანოვი ბრალდებას უარყოფს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, აზერ სულეიმანოვი, რომელიც პროკურატურის გნაცხადებით, მარნეულში მოქალაქის ცემაშია ბრალდებული, დანაშაულში მონაწილეობას უარყოფს. ამის შესახებ დეპუტატმა ნეტგაზეთთან ისაუბრა.

სულეიმანოვის თქმით, ის მართლაც შეხვდა პირს, რომლის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს, თუმცა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

სულეიმანოვის თქმით, ის პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს და სწორედ ამ წუთებში გეგმავს ჩვენების მიცემას:

“არ ვიცი, რაზეა საუბარი. დამირეკეს პროკურატურიდან და დაკითხვაზე დამიბარეს. ახლა შევდივარ პროკურატურაში. ეს არის შანტაჟი, ვიღაცის მიერ ჩემ წინააღმდეგ გაკეთებული პროვოკაცია. იყო ეს ბიჭი, მოვიდა, საღამოს შეგვხვდა. მე ვკითხე, რატომ გააკეთა ეს განცხადება პირდაპირ ეთერში, შენ ხომ ოცნების აქტივისტი ხარ, ამდენი წელია ოცნებაში ხარ, ჩვენი პარტიის წინაღმდეგ მუშაობ და რატომ გააკეთე ნაციონალური მოძრაობის სახელით ასეთი განცხადება, რატომ მიაყენე საზოგადოებას შეურაცხყოფა.  მან მითხრა, ბატონო აზერ, მე ვიცი ჩემი საქმის. მე ვკითხე, რატომ გააკეთა ასეთი განცხადება. ამ დროს მოვიდა ოცნების დეპუტატი საკრებულოდან და შეიხიც იყო” – უთხრა სულეიმანოვმა “ნეტგაზეთს”.

აზერ სულეიმანოვის თქმით, ამის შემდეგ ეს პირი წავიდა და არ იცის, ამის შემდეგ რა მოხდა:

“ამის შემდეგ ეს ბიჭი წავიდა… სად წავიდა და რა მოხდა ამის შემდეგ, არ ვიცი. აბაზოვი არ ყოფილა ამ შეხვედრაზე. ეს ბიჭი წავიდა და ამის შემდეგ ვნახე ფეისბუკში ვიდეომასალა. ჩემთვის ძალადობა მიუღებელია, ეს მალე იქნება ცნობილი, ვინ გააკეთა. მე რა შუაში ვარ, ჩემი სახელი რატომ ფიგურირებს ამ საქმეში. მე მარტო არ ვიყავი, ბევრი ადამიანი იყო ჩემთან ერთად, რა ცემაზეა საუბარი. იქ არავის უცემია. საღამოს რა მოხდა, ვისთან და როგორ მოხდა, არ ვიცი.  ეს ბიჭი თვითონ მოვიდა ჩვენთან, მე ამ შეხვედრის ინიციატორი არ ვყოფილვარ. არც ცემა, არც არაფერი. ღამის საათები იყო, რომ წავიდა, არ ვიცი, ამის შემდეგ რა მოხდა” – უთხრა “ნეტგაზეთს” ენმ-ის დეპუტატმა.


პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტარი, ენმ–ის წევრ აზერ სულეიმანოვს, რ.ა-ს და ე.გ-ს მარნეულელი მოქალაქის ცემაში ედებათ ბრალი. ამავე საქმეზე მარნეულის მერი თემურ აბაზოვია დაკავებული, მას არაადამიანურ მოპყრობაში ედება ბრალი.

პროკურატურის ცნობით, 2018 წლის 10 ივნისს ე.ა. იმყოფებოდა თბილისში, ზაზა სარალიძის მცხარდასაჭერ აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა, რა დროსაც, თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

გამოძიების ინფორმაციით, ღამის საათებში მას დაუკავშირდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. ასკეროვის მოთხოვნით ისინი შეხვდნენ ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ე.ა -ს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით განახორციელა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ზემოაღნიშნული ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების მტკიცებით, ე.ა მარნეულის საკრებულოს წევრებმა, ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს მარნეულში, ე.წ. “ჟეჟებეს” რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ე.ა – ს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით,  აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

თემურ აბაზოვი დაკავებულია საქართველოს სსკ-ს 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით.

რამინ ალახვერდიევის და მოქალაქე ე.გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

პროკურატურა აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილია დადგენილება სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც წარედგინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენა – მხილების მიზნით, აცხადებს პროკურატურა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა აღნიშნა, რომ ისინი არ მოითხოვენ აზერ სულეიმანოვისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას, ასევე ითვალიწინებენ, რომ მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული და წინასწარი პატიმრობის შეფარდების ნაცვლად გირაოს შეფარდებას მოითოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი