ახალი ამბები

მთავრობის კანცელარიასთან საყდრისთან დაკავშირებული მოვლენების გამო აქცია გაიმართა

11 იანვარი, 2014 • • 1509
მთავრობის კანცელარიასთან საყდრისთან დაკავშირებული მოვლენების გამო აქცია გაიმართა

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის “გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი კავკასიაში” თავმჯდომარემ ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას პროცესის შესაწყვეტად:

 

“ჩვენ ხელისუფლებისაგან მოვითხოვთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, მათ არა მხოლოდ კომენტარები აკეთონ, ეს ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმეა, იგივე ოპოზიციის, არამედ უფლებამოსილების ფარგლებში რეალური ნაბიჯები გადადგან, რათა კომპანია RMJ Gold-მა შეწყვიტოს მსოფლიში უძველესი ოქროს მაღაროს განადგურება და ამასთან, მოვითხოვთ სტატუსის აღდგენას”– განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

 

დღესვე აქციაზე შეკრებილებმა კანცელარაში პრემიერ–მინისტრის სახელზე წერილის დატოვება სცადეს, თუმცა უწყებამ წერილი არ ჩაიბარა იმ მიზეზით, რომ შაბათ–კვირას მოქალაქეების წერილებს მთავრობის კანცელარიაში არ იღებენ:

 

“ბატონი ირაკლის [ღარიბაშვილი] მიმართაა ეს წერილი, რომ მან სასწრაფოდ მიიღოს ზომები ჩვენი ეროვნული ღირსებისთვის სამარცხვინო მდგომარეობის დროულად აღმოსაფხვრელად, სანამ საკითხი უფრო გამწვავდებოდეს”.– განაცხადა სოსო მანჯავიძემ, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა. 


შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროს წარმოამდგენლები 10 იანვარს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, იმის მიუხედავად, რომ კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია RMG -ს ამის თაობაზე 9 იანვარს მიმართა.


შპს RMG Gold–მა დღეს, 11 იანვარს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც RMG არ გასცდება კანონით დადგენილი ნორმების და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან წინასწარ შეთანხმებული ქმედებების ჩარჩოებს:


“საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობაზეა. თუ ზემოთაღწერილი გარემოებების მიუხედავად მიზანშეწონილად ჩაითვლება, რომ კომპანიას აეკრძალოს საყდრისის საბადოზე არსებული რესურსების ათვისება, კომპანია იძულებული იქნება შეწყვიტოს ფუნქციონირება და იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ამგვარი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შედეგებზე”.–ნათქვამია განცხადებაში. 


დღეის მდგომარეობით საყდრისის ტერიტორიას მოხსნილი აქვს „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის“ სტატუსი. შპს RMG Gold–ს საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბანზე საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების განხორციელების უფლება 2013 წლის 8 აგვისტოს მიიღო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის N03/130 ბრძანების შესაბამისად, იმ პირობით, რომ ეს სამუშაოები არ დააზიანებდა ან დაზიანების საფრთხეს არ შეუქმნიდა არქეოლოგიურ ობიექტს.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი