მარნეულის მერთან ერთად სავარაუდოდ საკრებულოს წევრიცაა დაკავებული

“ნეტგაზეთს” სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მარნეულელი მოქალაქის შეურაცხყოფის გამო მერთან ერთად საკრებულოს ერთ-ერთი წევრიცაა დაკავებული.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ საქმეზე მერის გარდა კიდევ სამი ადამიანია დაკავებული. დღეს, 14:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგია დანიშნული, სადაც დადასტურებულად გვეტყვიან, ვინ მონაწილობდა მარნეულის მერთან ერთად.

როგორც  მარნეულის საკრებულოს წევრმა,”ევროპული საქართველოდან”, აკმამედ იმამკულიევმა გვითხრა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროკურატურაში კითხავენ დაახლოებით 3 დეპუტატს, რომლებიც თემურ აბაზოვთანაა დაახლოებული.

იმამკულიევმა გვითხრა, რომ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს დეპუტატები დაინტერესებული იყვნენ იმ პირის პოვნით, რომელმაც მარნეულის მერს ვიდეოში შეაგინა.

ნეტგაზეთი მარნეულის საკრებულოს უმრავლესობის წევრებსაც დაუკავშირდა. ნაწილს ინფორმაცია არ აქვს, ნაწილმა კი არ გვიპასუხა. აკმამედ იმამკულიევი ერთადერთი დეპუტატია, რომელმაც კომენტარი გააკეთა.


მარნეულის სათემო რადიომ და სტუდია მონიტორმა 12 ივნისს გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახის საკუთარი შარდით დაბანა აიძულეს.

მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულელმა კაცმა თბილისში, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ივანიშვილსა და აბაზოვს შეაგინა, შეგინების ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში სხვამ ატვირთა. მოგვიანებით, სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს აღნიშნული კაცი გინებისთვის. ასევე, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თითქოს მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან- “შენ ღირსება არ გაქვს”.

სტუდია მონიტორმა აღნიშნულ კაცს სახლში მიაკითხა, რა დროსაც მის სახლში დახვდა პოლიცია. პოლიციელები ამბობენ, რომ ის მარნეულის განყოფილებაში გადაჰყავთ. თავად აღნიშნული კაცის თქმით, მან არ იცის, რატომ გადაჰყავთ პოლიციელებს.

როგორც მარნეულის სათემო რადიო წერს, დამამცირებელი ვიდეოს გადაღებას ესწრებოდა მარნეულის მერი თემურ აბაზოვიც. თუმცა თავად აბაზოვი უარყოფს ამ ფაქტს. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ შემთხვევის შესახებ საერთოდ არაფერი არ იცის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 144–ე (3) მუხლის მიხედვით, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს. საქმეს პროკურატურა იძიებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com