შსს: ჭიათურაში პოლიციის მხრიდან შესაძლო დარღვევებს გენერალური ინსპექცია სწავლობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. ჭიათურაში რამდენიმე ახალგაზრდამ პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით პირი ამოიკერა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროში ამბობენ, რომ  ბრალდებასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოს რაიონულმა პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება. ასევე საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს მოკვლევას და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

რას ყვება მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

უწყებაში აცხადებენ, რომ  2018 წლის 27 მაისს ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს და 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 26 მაისს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს, მიხეილ გიგაურს და ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, ვეფხვია შეყილაძეს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას იმყოფებოდნენ შემოვლაზე, წინააღმდეგობა გაუწიეს 1989 წელს დაბადებულმა ლ. მ-მ, 1987 წელს დაბადებულმა ზ. ნ-მ, 1997 წელს დაბადებულმა დ. გ-მ, 1989 წელს დაბადებულმა გ. გ-მ, 1974 წელს დაბადებულმა ბ. კ-მ, 1978 წელს დაბადებულმა პ. კ-მ და წარსულში არაერთგზის, მათ შორის მკვლელობის მცდელობისათვის ნასამართლევმა, 1988 წელს დაბადებულმა თ. გ-მ, რომელმაც ხელის დარტყმით სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა ჭიათურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს, მიხეილ გიგაურს” – ამბობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

უწყების განცხადებით, თ. გ. შემთხვევის ადგილზევე იქნა დაკავებული სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. რაც შეეხება მის თანხმლებ პირებს, ისინი სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულები კი, შსს-ს განცხადებით, სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო და მათ სახდელის სახით 100-დან 300 ლარამდე ოდენობით ჯარიმა შეუფარდა:

“თ.გ-ს მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: შემთხვევის ადგილის, დაზარალებულთა დაზიანებული ტანსაცმლისა და სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმებით, დაზარალებულ მიხეილ გიგაურისა და იური ლომიძის, ასევე, საქმეზე დაკითხული სხვა 11 მოწმის გამოკითხვებით, ადმინისტრაციულად დაკავებული დ.გ-ს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით და მის მიერ წარმოდგენილი ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერით, ასევე დაზარალებულ მიხეილ გიგაურის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. მოსამართლემ თ.გ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა,” – ამბობენ უწყებაში.

როგორია აქციის მონაწილეთა ვერსია

შეგახსენებთ, უკვე მეთერთმეტე დღეა ჭიათურაში სამი ახალგაზრდა სწორედ ამ ფორმით აპროტესტებს პოლიციის ქმედებებს და ითხოვს ჭიათურის პოლიციის უფროსის, დავით ჩხიტუნიძის გადადგომას. ახალგაზრდების კიდევ ერთი მოთხოვნა უკავშირდება სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირისთვის ბრალდების გადაკვალიფიცირებას და მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დასჯას.

ნეტგაზეთი ფეისბუკზე მიმოწერის საშუალებით ესაუბრა ერთ-ერთ პირამოკერილს, ბექა ჭუმბურიძეს. როგორც ის ამბობს, პირის ამოკერვის გამო საუბარი არ შეუძლია. ჭუმბურიძის თქმით, ისინი უკვე ათი დღეა, რაც შიმშილობენ, პირი კი დღეს, 12 ივნისს, ამოიკერეს. პროტესტის მონაწილეები ჭიათურაში გაშლილ კარავში არიან განთავსებული. ახალგაზრდებმა რამდენიმე დღის წინ პეტიციაც გაავრცელეს, სადაც დეტალურად არის აღწერილი მათი პროტესტის მიზეზი:

“მას შემდეგ, რაც ჭიათურის პოლიციის უფროსად დაინიშნა ლაშა ჩხიტუნიძე, ხოლო მის მოადგილედ- მიხეილ გიგაური, ქალაქში დაიწყო ახალგაზრდების მისამართით ყოველდღიური ზეწოლა და შევიწროება, რაც გამოიხატება მუქარაში, რომ ყველას დაიჭერენ ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო ნივთის ჩაგდებით. ასევე არის არაერთი ფაქტი იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში და იწვევენ მიზანმიმართულ პროვოკაციას.

სწორედ ზემოთ აღნიშნული პროვოკაციის კლასიკური მაგალითი გახლდათ ამ ყველაფრის კულმინაცია. კერძოდ, 2018 წლის 26 მაისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან 100 წლისთავზე, პოლიციის უფროსის მოადგილე მიხეილ გიგაური და უბნის ინსპექტორი ვეფხვია შეყილაძე, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფები, ავტომატებით შეიარაღბული მივიდნენ თავიანთი კორპუსის წინ სუფრასთან მსხდომ მოქალაქეებთან და მოაწყვეს მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც გამოიხატებოდა ერთ-ერთისადმი ყელზე ავტომატის მიდებით და ბილწსიტყვაობით, რასაც მოჰყვა სუფრასთან მსხდომ ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის დაძაბულობა, რის შედეგადაც დააკავეს და პოლიციის შენობაში გადაიყვანეს 9 ადამიანი, აქედან რვას შეეფარდა ადმინისტრაციული სასჯელი, ხოლო ერთს ედავებიან სისხლის სამართლის მუხლით, რაც 2-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს”, – წერია პეტიციაში, რომლის ადრესატები არიან მთავარი პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

პეტიციის ავტორების თქმით, მას შემდეგ, რაც დაკავებულები გადაიყვანეს ჭიათურის პოლიციის შენობაში, დაიწყო მათი სასტიკი ცემა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ოთხ ადამიანს, ხოლო აქედან ერთ-ერთმა მიიღო ტვინის შერყევა და დღემდე გადის მკურნალობას საავადმყოფოში.

“გარდა იმისა, რომ ეს ფაქტები თავისთავად უმძიმესია და მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას, ასევე თავს იჩენს არანაკლებ მძიმე პრობლემა, ხდება საზოგადოებასა და პოლიციას შორის დაპირისპირებისა და უნდობლობის გაღვივება, რამაც კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ზემდგომ ორგანოებს ეყოფათ შორსმჭვრეტელობა და უმოკლეს დროში დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს და ორ ადამიანს არ გადააყოლებენ პოლიციის იმიჯსა და ქალაქის სტაბილურ განვითარებას.

მოვითხოვთ:

  1. დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა ჭიათურის პოლიციის უფროსმა ლაშა ჩხიტუნიძემ და მისმა მოადგილემ მიხეილ გიგაურმა.
  2. გადაკვალიფიცირდეს მუხლი და ერთი დაკავებულიც გასამართლდეს ადმინისტრაციული სამართლით, როგორც გასამართლდა მასთან ერთად დაკავებული 8 ადამიანი”, – აცხადებენ ახალგაზრდები, რომლებმაც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.