კალაძე – ყვითელი ავტობუსები ჰაერის დაბინძურების კუთხით პრობლემას წარმოადგენს

დღეს, 13 ივნისს, თბილისის მთავრობის სხდომაზე მერმა ჰაერის დაბინძურების საკითხზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, თბილისში ჰაერის დაბინძურების კუთხით ყვითელი ავტობუსები, სამარშუტო ტაქსები და ძველი მანქანები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ქალაქის მერი ამბობს, რომ უხლოს პერიოდში მერია ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას წარადგენს, რომელიც ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ კონკრეტულ ნაბიჯებს გულისხმობს.

“ტრანსპორტის თვალსაზრისით გარკვეული შეზღუდვების დაწესება აუცილებელია. მხედველობაში მაქვს ჰაერის დაბინძურება, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მხედველობაში მაქვს ყვითელი ავტობუსები, რომლის ჩანაცვლებაც უნდა მოხდეს. ისინი ჰაერის დაბინძურების კუთხით მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ქალაქში სერიოზული პრობლემაა ე.წ მარშუტკები და მისი გამონაბოლქვი, ასევე, ძველი ავტომობილები,” – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერი ამბობს, შესაძლოა თბილისში ორი ახალი პარკი აშენდეს. კახა კალაძის თქმით, პარკების მშენებლობისთვის დიღმის ჭალების ტერიტორია და თემქის ხევი განიხილება.

“გვინდა თბილისში ორი ახალი პარკი ავაშენოთ და ამ მიზნით კვლევას ვიწყებთ. განიხილება  ე.წ დიღმის ჭალების ტერიტორია. ვფიქრობთ, რომ ამ ტერიტორიაზე ახალი სივრცის შექმნის თვალსაზრისით საინტერესო პროექტი განხორციელდება. მეორე ადგილია თემქის ხევი, რომელიც მოცულობით ძალიან დიდია და მის გარშემო დაახლოებით 80 ათასი მოსახლეა. ტერიტორიასთან ახლოს არის  თბილისის ზღვა და მას  საპარკე-სარეკრეაციო სივრცის შექმნის თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს,”-აცხადებს კახა კალაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.