ახალი ამბები

მარნეულის მერი დააკავეს მოქალაქეზე არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით

13 ივნისი, 2018 • 9250
მარნეულის მერი დააკავეს მოქალაქეზე არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით

პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა, რომელსაც ბრალი ედება მოქალაქის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში.

საქმე ეხება გუშინ, 12 ივნისს გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აიძულებენ მოქალაქეს სახეზე წაისვას შარდი, რომელმაც თბილისში მიმდინარე აქციის დროს ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს აგინა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 144–ე მესამე პრიმა მუხლის მიხედვით, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს. საქმეს პროკურატურა იძიებს.

ამავე თემაზე გირჩევთ

მარნეულის მერთან ერთად სავარაუდოდ საკრებულოს წევრიცაა დაკავებული

“ყველაფერი დადგენილია” – პროკურატურაში ბრიფინგი დაინიშნა


მარნეულის სათემო რადიომ და სტუდია მონიტორმა 12 ივნისს გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახის საკუთარი შარდით დაბანა აიძულეს.

მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულელმა კაცმა თბილისში, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ივანიშვილსა და აბაზოვს შეაგინა, შეგინების ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში სხვამ ატვირთა. მოგვიანებით, სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს აღნიშნული კაცი გინებისთვის. ასევე, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თითქოს მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან- “შენ ღირსება არ გაქვს”.

სტუდია მონიტორმა აღნიშნულ კაცს სახლში მიაკითხა, რა დროსაც მის სახლში დახვდა პოლიცია. პოლიციელები ამბობენ, რომ ის მარნეულის განყოფილებაში გადაჰყავთ. თავად აღნიშნული კაცის თქმით, მან არ იცის, რატომ გადაჰყავთ პოლიციელებს.

როგორც მარნეულის სათემო რადიო წერს, დამამცირებელი ვიდეოს გადაღებას ესწრებოდა მარნეულის მერი თემურ აბაზოვიც. თუმცა თავად აბაზოვი უარყოფს ამ ფაქტს. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ შემთხვევის შესახებ საერთოდ არაფერი არ იცის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 144–ე მესამე პრიმა მუხლის მიხედვით, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს. საქმეს პროკურატურა იძიებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი