დააბანინეს თუ არა სახე შარდით მოქალაქეს ივანიშვილის გინებისთვის – გამოძიება დაიწყო

მარნეულის სათემო რადიომ და სტუდია მონიტორმა დღეს, 12 ივნისს, გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახის საკუთარი შარდით დაბანა აიძულეს.

მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მარნეულელმა კაცმა თბილისში, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ივანიშვილსა და აბაზოვს შეაგინა, შეგინების ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში სხვამ ატვირთა. მოგვიანებით, სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს აღნიშნული კაცი გინებისთვის. ასევე, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თითქოს მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან- “შენ ღირსება არ გაქვს”.

სტუდია მონიტორმა აღნიშნულ კაცს სახლში მიაკითხა, რა დროსაც მის სახლში დახვდა პოლიცია. პოლიციელები ამბობენ, რომ ის მარნეულის განყოფილებაში გადაჰყავთ. თავად აღნიშნული კაცის თქმით, მან არ იცის, რატომ გადაჰყავთ პოლიციელებს.

როგორც მარნეულის სათემო რადიო წერს, დამამცირებელი ვიდეოს გადაღებას ესწრებოდა მარნეულის მერი თემურ აბაზოვიც. თუმცა თავად აბაზოვი უარყოფს ამ ფაქტს. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ შემთხვევის შესახებ საერთოდ არაფერი არ იცის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 144–ე მესამე პრიმა მუხლის მიხედვით, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს. საქმეს პროკურატურა იძიებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.