ახალი ამბები

პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით სამმა პირმა ჭიათურაში პირი ამოიკერა

12 ივნისი, 2018 • 8742
პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით სამმა პირმა ჭიათურაში პირი ამოიკერა

შიმშილობის მეათე დღე და ამოკერილი პირი – ჭიათურაში სამი ახალგაზრდა სწორედ ამ ფორმით აპროტესტებს პოლიციის ქმედებებს და ითხოვს ჭიათურის პოლიციის უფროსის, დავით ჩხიტუნიძის გადადგომას. ახალგაზრდების კიდევ ერთი მოთხოვნა უკავშირდება სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირისთვის ბრალდების გადაკვალიფიცირებას და მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დასჯას.

ნეტგაზეთი ფეისბუკზე მიმოწერის საშუალებით ესაუბრა ერთ-ერთ პირამოკერილს, ბექა ჭუმბურიძეს. როგორც ის ამბობს, პირის ამოკერვის გამო საუბარი არ შეუძლია. ჭუმბურიძის თქმით, ისინი უკვე ათი დღეა, რაც შიმშილობენ, პირი კი დღეს, 12 ივნისს, ამოიკერეს. პროტესტის მონაწილეები ჭიათურაში გაშლილ კარავში არიან განთავსებული. როგორც ბექა ჭუმბურიძე ამბობს, მათ მოთხოვნებს ამ დრომდე არავინ გამომხაურებია.

ახალგაზრდებმა რამდენიმე დღის წინ პეტიციაც გაავრცელეს, სადაც დეტალურად არის აღწერილი მათი პროტესტის მიზეზი:

“მას შემდეგ, რაც ჭიათურის პოლიციის უფროსად დაინიშნა ლაშა ჩხიტუნიძე, ხოლო მის მოადგილედ- მიხეილ გიგაური, ქალაქში დაიწყო ახალგაზრდების მისამართით ყოველდღიური ზეწოლა და შევიწროება, რაც გამოიხატება მუქარაში, რომ ყველას დაიჭერენ ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო ნივთის ჩაგდებით. ასევე არის არაერთი ფაქტი იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში და იწვევენ მიზანმიმართულ პროვოკაციას.

სწორედ ზემოთ აღნიშნული პროვოკაციის კლასიკური მაგალითი გახლდათ ამ ყველაფრის კულმინაცია. კერძოდ 2018 წლის 26 მაისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან 100 წლისთავზე, პოლიციის უფროსის მოადგილე მიხეილ გიგაური და უბნის ინსპექტორი ვეფხვია შეყილაძე, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფები, ავტომატებით შეიარაღბული მივიდნენ თავიანთი კორპუსის წინ სუფრასთან მსხდომ მოქალაქეებთან და მოაწყვეს მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც გამოიხატებოდა ერთ-ერთისადმი ყელზე ავტომატის მიდებით და ბილწსიტყვაობით, რასაც მოჰყვა სუფრასთან მსხდომ ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის დაძაბულობა, რის შედეგადაც დააკავეს და პოლიციის შენობაში გადაიყვანეს 9 ადამიანი, აქედან რვას შეეფარდა ადმინისტრაციული სასჯელი, ხოლო ერთს ედავებიან სისხლის სამართლის მუხლით, რაც 2-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს”, – წერია პეტიციაში, რომლის ადრესატები არიან მთავარი პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

პეტიციის ავტორების თქმით, მას შემდეგ, რაც დაკავებულები გადაიყვანეს ჭიათურის პოლიციის შენობაში, დაიწყო მათი სასტიკი ცემა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ოთხ ადამიანს, ხოლო აქედან ერთ-ერთმა მიიღო ტვინის შერყევა და დღემდე გადის მკურნალობას საავადმყოფოში.

“გარდა იმისა, რომ ეს ფაქტები თავისთავად უმძიმესია და მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას, ასევე თავს იჩენს არანაკლებ მძიმე პრობლემა, ხდება საზოგადოებასა და პოლიციას შორის დაპირისპირებისა და უნდობლობის გაღვივება, რამაც კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ზემდგომ ორგანოებს ეყოფათ შორსმჭვრეტელობა და უმოკლეს დროში დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს და ორ ადამიანს არ გადააყოლებენ პოლიციის იმიჯსა და ქალაქის სტაბილურ განვითარებას.

მოვითხოვთ:

  1. დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა ჭიათურის პოლიციის უფროსმა ლაშა ჩხიტუნიძემ და მისმა მოადგილემ მიხეილ გიგაურმა.
  2. გადაკვალიფიცირდეს მუხლი და ერთი დაკავებულიც გასამართლდეს ადმინისტრაციული სამართლით, როგორც გასამართლდა მასთან ერთად დაკავებული 8 ადამიანი”, – აცხადებენ ახალგაზრდები, რომლებმაც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და დაინტერესდა, უწყებამ რა რეაგირება მოახდინა ბრალდებებზე, რომელსაც აქციის მონაწილეები უყენებენ ჭიათურის პოლიციის უფროსსა და თანამშრომლებს. უწყებიდან პასუხის მიღებისთანავე მას დაუყონებლივ შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი