ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისია საქართველოს დეკრიმინალიზაციისკენ მოუწოდებს

ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრები, პაველ ბემი და მიშელ კაზაჩკინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლების წევრებს, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია მოახდინონ.

მიშელ კაზაჩკინმა დღეს, 12 ივნისს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო წლებში საქართველოს ჰქონდა ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი ნარკოპოლიტიკის მიმართულებით.

საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც განახორციელა ზიანის შემცირების, მეტადონის ჩანაცვლების პროგრამები, შარდით ტესტირების შემთხვევები და საპატიმრო სასჯელის რაოდენობა შემცირდა, თუმცა კანონმდებლობის მიხედვით დასჯადია მოხმარება და საკუთარი მოხმარებისთვის ნარკოტიკების ფლობა.

კაზაჩკინის თქმით, სადამსჯელო ნარკოპოლიტიკამ ვერ შეძლო ნარკოტიკების მოხმარების შემცირება.  კრიმინალიზაცია და სადამსჯელო პოლიტიკა ახალისებს ცე ჰეპატიტის და აივ/შიდსის გავრცელებას.

მიშელ კაზაჩკინმა ყურადღება გაამახვილა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები, რომლებიც ისჯებიან საკუთარი მოხმარებისთვის ნარკოტიკების ფლობის გამო,  თავს ვეღარ აღწევენ სტიგმას. პატიმრობის ჩანაწერი ხელს უშლის მათ შემდეგ დასაქმებაში.

კაზაჩკინი და ბემი 11-12 ივნისს საქართველოში ყოფნისას შეხვდნენ მინისტრებს და მინისტრის მოადგილეებს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს.

“მათ გვითხრეს, რომ მხარს უჭერენ არასამთავრობოების მიერ შემუშავებულ კანონპროექტს. ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო შეძლებს წავიდეს წინ და გახდეს ლიდერი რეგიონში”, – განაცხადა მიშელ კაზაჩკინმა.

პაველ ბემმა კი აღნიშნა, რომ შეხვედრების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნეს დეკრიმინალიზასიასთან დაკავშირებული ფაქტები, ასევე,  პორტუგალიისა და ჩეხეთის გამოცდილება, სადაც ნარკოტიკების მოხმარება დეკრიმინალიზებულია.

ბემის თქმით, სამეცნიეროდ დადასტურებული ფაქტია, რომ დეკრიმინალიზება არ იწვევს ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობის ზრდას.

ბემი ამბობს, რომ ნარკოტიკების მოხმარების კრიმინალიზაციის დროს საბიუჯეტო სახსრები ხმარდება გადავსებულ ციხეებს, ხოლო რესურსები მიმართულია ნარკოდამოკიდებული პირების მკურნალობისა და რეაბილიტაციის სისტემის განვითარებისკენ.

გლობალური კომისია 25 ადამიანისგან შედგება. მასში შედიან ყოფილი პრეზიდენტები და საკანონმდებლო ორგანოს წევრები. ასევე კერძო სექტორის წარმომადგემლები. კაზაჩკინი და ბემი კი ექიმები არიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com