ახალი ამბები

საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 10.5%-ით გაიზარდა

12 ივნისი, 2018 • 1890
საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 10.5%-ით გაიზარდა

2018 წლის 5 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 10.5%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკა გაუმჯობესებულია როგორც გადაფრენების, ასევე, აფრენა-დაფრენის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ავრცელებს.

სახელმწიფო კომპანიის ცნობით, 2018 წლის იანვარი–მაისის პერიოდში  საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 57 919 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 5 500 ფრენით და 10.5%-ით მეტია 2017 წლის იმავე პრიოდის მაჩვენებელზე.

ბოლო ხუთი თვის განმავლობაში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 41 925 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 2 246 ფრენით, ანუ 5.7% -ით მეტია. აფრენა – დაფრენის რაოდენობა კი 15 994-ია, რაც  2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3 254 ფრენით, ანუ 25.5%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად Turkish Airlines, Qatar Airways, Thai Airways; Azerbaijan Airlines და Singapore Airlines იყენებენ. საქართველოს აეროპორტებში ყველაზე მეტი აფრენა-დაფრენა 2018 წელს განახორციელეს Georgian Airways-მა, Turkish Airlines-მა, WIZZ Air-მა და Ukraine Airlines-მა.

მასალების გადაბეჭდვის წესი