სუს-მა აფეთქების შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ რუსთაველის გამზირზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

კერძოდ, პანკისში მოკლული თემირკლან მაჩალიკაშვილის მამამ 31 მაისს განაცხადა, რომ მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ფიცი ჰქონდათ დადებული, მისულიყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თავი აეფეთქებინათ, თუმცა ეს ქართველი ერის სიყვარულის გამო გადაიფიქრეს:

“ნებისმიერი პირის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის საჯარო განცხადების შემდეგ, სადაც საუბარია ტერორისტული აქტის ჩადენაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია,” – ამბობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მოგვიანებით, მაჩალიკაშვილმა საკუთარი განცხადება განმარტა:

 “ჩემთვის მოკვლაზე მძიმეა მისი ტერორიზმში დადანაშაულება. ერთი წელი არ იყო ბავშვი საზოგადოებაში გამოსული, ძლივს შევაქუჩე ის ფული, ის 14 000 ლარი, ოპერაცია გავუკეთე, ხალხში გამოვიყვანე. აიღეს და ამათ ჩამიცხრილეს ლოგინში და ტერორიზმში დაადანაშაულეს კიდევ. ამის შემდეგ მეუბნებიან, შენ ასეთ განცხადებას აკეთებო. იმას აღარ ფიქრობენ, მუსლიმ კაცს რაღაც თუ წამომცდა, მაგას კუდს გამოაბამენ, ეს არ არის კარგი საქციელი. შეიძლება ემოციურად მომივიდა, შეიძლება ჩემს ადგილას ნებისმიერ ასე მოქცეოდა, მაგრამ ეს რომ გაეკეთებინა ჩემს ხალხს, ჩეჩენ ხალხს ჩემთან, მე მართლა ავიფეთქებდი თავს და დავაყოლებდი მათ ათას ადამიანს ჩემს თემირლანს, მაგრამ მე ამას საქართველოში არც გავაკეთებდი და არც გავაკეთებ,” – თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.