ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

თამარ მეარაყიშვილს ახალგორში ეჭვმიტანილის სტატუსი ბრალდებულის სტატუსით შეუცვალეს

12 ივნისი, 2018 • 2403
თამარ მეარაყიშვილს ახალგორში ეჭვმიტანილის სტატუსი ბრალდებულის სტატუსით შეუცვალეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალგორის რაიონის [ლენინგორი] პროკურატურამ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს დღეს, 2018 წლის 12 ივნისს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით – სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მიღება საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად გაყალბებული განცხადების საფუძველზე; აღნიშნული გაყალბებული დოკუმენტის გამოყენება და  მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” რეგიონული განყოფილების მიმართ ცილისწამება.

აქამდე თამარ მეარაყიშვილი აღნიშნულ საქმეებში ეჭვიტანილი იყო.

თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ცხინვალის ხელისუფლებამ პირველი სისხლის სამართლის საქმე პარტიაზე ცილისწამების მუხლით 2017 წლის 16 აგვისტოს აღძრა. რაც შეეხება მის წინააღმდეგ მეორე საქმეს,  რომელიც  სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის უკანონოდ მიღებას უკავშირდება, მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.

მეარაყიშვილის უფლებებს იცავს ადვოკატი იკრამჟან რამატოვი. უფლებადამცველის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებული ბრალდებების დამტკიცება შესაბამისი უწყებების მიერ შეუძლებელი იქნება, რადგანაც უპრეცედენტო და ყოველმხრივ დაუსაბუთებელია.

თავად თამარ მეარაყიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ პროკურატურის ინფორმაციით, მასზე უწყებაში დაახლოებით 500-გვერდიანი საქმე დაიწერა, რომელსაც მოგვიანებით გადასცემენ.


მეარაყიშვილის საქმეზე ცხინვალის ხელისუფლების მისამართით არაერთი განცხადება და მიმართვა გაკეთდა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველების მხრიდან.

მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყებამდე თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

თამარ მეარაყიშვილის საქმეებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

 

ახალგორის/ლენინგორის პროკურატურა; ფოტო: თამარ მეარაყიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი