საქართველოში 14 000 ბავშვი ბაღში ვერ დადის – UNICEF-ის კვლევა

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებული “მოსახლეობის კეთილდღობის კვლევით”, რომელსაც ორგანიზაცია  ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს, საბავშვო ბაღების არარსებობის გამო, დაახლოებით 14 000 ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ვერ დადის.

კვლევის ავტორების განცხადებით, 3-5 წლის ბავშვების მთლიანი რაოდენობის 8.9% სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში იმიტომ არ დადიოდა, რომ მათ რაიონებში საბავშვო ბაღები არ იყო. ინფრასტრუქტურის არარსებობა სოფლისთვის (16.8%) უფრო მეტად არის დამახასიათებელი. არსებულ საბავშვო ბაღებში უადგილობის გამო კი, ბავშვების მთლიანი რაოდენობის თითქმის 5.1% სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში არ დადის.

“მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევამ” ასევე გამოავლინა, რომ ღარიბი ოჯახების ბავშვები უფრო იშვიათად იღებენ სკოლამდელ ან დაწყებით განათლებას. კვლევის მიხედვით, 15-დან 18 წლამდე ყოველი მეხუთე ღარიბი ბავშვი აღარ იღებს განათლებას.

უღარიბესი მეხუთედის 15-18 წლის ბავშვებში სკოლის დასწრების მაჩვენებელი თითქმის 81%-ია, ხოლო უმდიდრესი მეხუთედის იმავე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში – 98%.

“განსხვავება კიდევ უფრო აშკარა ხდება 18 წლის ასაკის შემდეგ, როდესაც ღარიბი ოჯახების ბავშვები საგანმანათლებლო დაწესებულებებს ტოვებენ. სხვადასხვა ტიპის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას აგრძელებს უღარიბესი მეხუთედის 20 წლის ბავშვების თითქმის 5% და  უმდიდრესი მეხუთედის ბავშვების 77%” – ვკითხულობთ კვლევაში.

ამასთან, ყველაზე ღარიბი ოჯახების ყოველი 10 ბავშვიდან 6-ს არ აქვს, ან საკმარისად არ მიუწვდება ხელი საბავშვო წიგნებზე. საქართველოში 36-59 თვის ბავშვების მხოლოდ 59%-ს აქვს სამი ან მეტი საბავშვო წიგნი. უღარიბესი მეხუთედის ბავშვების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 36%-ია, ხოლო უმდიდრესი მეხუთედის ბავშვების შემთხვევაში – 88%. ამასთან ერთად, ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი საბავშვო წიგნებზე (66.3%), ვიდრე სოფლად მცხოვრებ ბავშვებს (52.6%).

რაც შეეხება საცხოვრებელ პირობებს,  4.1% ცხოვრობს შინამეურნეობებში, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ სასმელი წყლის გაუმჯობესებულ წყაროზე. არასათანადო სანიტარული მოწყობილობების მქონე შინამეურნეობაში ქალაქად ბავშვების 9.3% ცხოვრობს, სოფლად კი – 32.9%.


მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ კვლევას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში 2009 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს. კვლევის ფარგლებში სპეციალურად შედგენილი კითხვარის მეშვეობით 2017 წლის ივლის-აგვისტოში 4697-მა შენამეურნეობამ შეავსო. კვლევა რეპრეზანტატიულია ქვეყნის მასშტაბით და მისი ცდომილება 1,2-დან 3,8 პროცენტამდეა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.