საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლი გაიზარდა – UNICEF-ის კვლევა

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებული კვლევით, ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა. “მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევას” გაეროს ბავშვთა ფონდი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს.

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ზოგადი სიღარიბის დონე გაიზარდა. თუ 2015 წელს ეს მაჩვენებელი შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 16.4%-ს შეადგენდა, 2017 წელს ის 19.6%-მდე გაიზარდა (ზოგადი სიღარიბის მიჩნეულია 2.5 აშშ დოლარი დღეში, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე თვეში 165.5 ლარს შეესაბამება).

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შინამეურნეობების 22.5% ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 177.1 ლარი). მათგან, სოფლად – 24.1%; ქალაქში კი – 20.9%). 

ხოლო შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 4.3%, მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7%  უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 1.25 აშშ დოლარი დღეში, რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარს შეესაბამება).

2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი შინამეურნეობების, მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობა, შესაბამისად, 2.6, 2.9, 4.3, და 2.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

მონაცემები წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

ანგარიშის მიხედვით,

26,8%-დან  31,6-მდე გაიზარდა ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ შინამეურნეობებში ბავშვთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება ფარდობითი და ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლებიც.

“მაგალითად, ფარდობითი და ზოგადი სიღარიბის ზღვრებს ქვემოთ ცხოვრობენ ერთ ან ორბავშვიანი ოჯახები, შესაბამისად, 27.2% და 24.5%. როცა საქმე სამ ან მეტ ბავშვიან შინამეურნეობებს ეხება, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის 39.9%-მდე, ხოლო ზოგადი სიღარიბის შემთხვევაში – 33.4%-მდე იზრდება” – ვკითხულობთ კვლევაში.

მთლიანობაში, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყოველი მეხუთე ბავშვი კვლავ ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია.

ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლის ზრდას კვლევის ავტორები რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. მათ შორის, 2015-2016 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე დაბალ ზრდას, ინფლაციის მაღალ დონეს და ლარის ძლიერ გაუფასურებას, რამაც სამომხმარებლო ფასების მნიშვნელოვნად ზრდა განაპირობა.

2015 წელს ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მიხედვით, შინამეურნეობებს ნაკლები შემოსავლით მეტის დახარჯვა უწევდათ (საშუალო ხარჯები 821.8 ლარი იყო, ხოლო საშუალო შემოსავალი 608.9 ლარი). კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ჭარბი ხარჯები დანაზოგების მეშვეობით იფარებოდა. 2017 წელს შინამეურნეობებმა, შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, ხარჯები შეამცირეს (საშუალო ხარჯი შეადგენდა 788.6 ლარს, საშუალო შემოსავალი კი 771.9 ლარი იყო). მაღალი სამომხმარებლო ფასებისა და ადგილობრივი ვალუტის დაბალი მსყიდველობითი უნარის პირობებში შემოსავლების ზრდამ შინამეურნეობებს ეკონომიკური კეთილდღეობა ვერ მოუტანა:

“კვლევა გვიჩვენებს, რომ შინამეურნეობების მიერ საკვებზე, განათლებასა და გრძელვადიანი მოხმარების პროდუქტებზე გაწეული ხარჯები სამომხმარებლო ფასების ზრდასთან ერთად შემცირდა. დიდი ალბათობით, შინამეურნეობებმა დანაზოგები ამოწურეს, ხოლო დამატებით ფინანსურ რესურსებზე ხელი ნაკლებად მიუწვდებოდათ, რის გამოც კიდევ უფრო მოწყვლადნი გახდნენ. უფრო მეტიც, ფართოდ გავრცელებული ფაქტია, რომ დაბალი შემოსავლების მქონე შინამეურნეობების ბიუჯეტში საკვებზე გაწეული ხარჯების წილი უფრო მაღალია. ეს ნიშნავს, რომ 2015 წელს დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებზე უფრო მეტად აისახა ინფლაციური პროცესები, ვიდრე მაღალშემოსავლიან შინამეურნეობებზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში შინამეურნეობების ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და მეტი შინამეურნეობა გაღარიბდა” – ვკითხულობთ კვლევაში.


მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ კვლევას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში 2009 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს. კვლევის ფარგლებში სპეციალურად შედგენილი კითხვარის მეშვეობით 2017 წლის ივლის-აგვისტოში 4697-მა შენამეურნეობამ შეავსო. კვლევა რეპრეზანტატიულია ქვეყნის მასშტაბით და მისი ცდომილება 1,2-დან 3,8 პროცენტამდეა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.