“დასაჭერია ყველა!” – სარალიძემ პოლიციელთა წინააღდეგ გენისპექციას მიმართა

ზაზა სარალიძემ ადვოკატთან ერთად გენერალურ ინსპექციას მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელების შესაძლო გადაცდომის შესახებ. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ითხოვს ყველა პოლიციელის დასჯას, ვინც სასამართლოს სასადილოს ინციდენტში მონაწილეობდა.

როგორც სარალიძე ამბობს, გენისპექცია თავად უნდა დაინტერესებულიყო ამ ფაქტით და დაეწყო 11 ივნისს სასამართლოს ბუფეტში პოლიციელთა ქმედების შესწავლა, თუმცა ეს არ გაუკეთებიათ.

“რომ შევხედე, არანაირი რეაგირება არ ყოფილა გენისპექციის მხრიდან, ამასთან დაკავშირებით მოვედი და ვაპირებ დეტალებზე ვისაუბრო.

ინფორმაციას მივაწვდი დღეს დეტალურად. ვისხედით სასადილოში საჭმელად, მოვიდნენ უცებ და ზვიად კუპრავას მიმართეს, მოსამართლე გიბარებსო. ძალით გაათრიეს ზვიად კუპრავა და დაგვამხეს თავზე მაგიდა. გადმოგვიყვირავეს საჭმელ-სასმელი. დავით ლაგვილავას ხელით შეეხნენ. ჩემზეც იძალადეს-მეთქი, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ჯიკაობის მომენტში ჩემსკენაც წამოვიდნენ. ეს იყო აბსოლუტური მარაზმი. ჭამა არ გვაცადეს, ელემენტარული, რა უბედურებაა ეს?! სამართალდამცვი უნდა გიცავდეს, მაგრამ თვითონ მოდის შეტევაზე,” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძის განცხადებით, იმის გასაკრვევად მივიდა გენისპექციაში, თუ რატომ იძალადა პოლიციამ სასამართლოს შენობაში:

“ეს იყო ზეწოლა სამართალდამცველების მხრიდან ჩემ მიმართ და არა მხოლოდ ჩემ მიმართ – თუნდაც ზვიად კუპრავას და თუნდაც ბატონი დავით ლაგვილავას მიმართ. გადაცდომა აღარ ჰქვია ამას – დასაჭერია ყველა. მინიმუმ სამსახურიდან უნდა გაათავისუფლონ აბსოლუტურად ყველა პოლიციელი, ვინც იქ იყო.”

ზაზა სარალიძის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ სასამართლოში ადგილი ჰქონდა პოლიციელთა მხრიდან გადაცდომას:

“თუნდაც ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი არის უყურადღებოდ სასამართლო დარბაზში და მას აქვს შესაძლებლობა გამოვიდეს, პრესას მისცეს კომენტარი, მას არავინ უშლის ხელს. შემდეგ, სრულიად შემთხვევით, როდესაც იგი უკვე სასადილოშია ჩასული, თავს ესხმიან და იძულების წესით ამოჰყავთ დარბაზში. კანონით, რა თქმა უნდა, ეს არ იყო აკრძალული, მაგრამ მასთან ერთად უნდა ყოფილიყო პოლიცია, ვისაც ჰყავდა ის ჩაბარებული.”

11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბუფეტში ზვიად კუპრავას, ზაზა სარალიძესა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. სარალიძე და კუპრავა ამბობენ, რომ პოლიციელებმა მათ საჭმლის ჭამა არ აცადეს და შეურაცხყოფაც მიაყენეს – “დაგვალეწეს ყველაფერი თავზე”.

გუშინ, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე პოლიციამ აქციის “ნუ მომკლავ!” ორგანიზატორები და მონაწილეები დააკავა, მათ შორის, ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძეც. სწორედ მათი პროცესი მიმდინარეობს 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ზაზა სარალიძე მოწმის სახით იყო დაბარებული.

ჭამა არ გვაცადა პოლიციამ, დაგვამხეს ყველაფერი – სარალიძე და კუპრავა სასამართლოში [ვიდეო]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.