ახალი ამბები

ზაზა სარალიძე მასშტაბურ აქციებს დროებით აჩერებს

11 ივნისი, 2018 • 5106
ზაზა სარალიძე მასშტაბურ აქციებს დროებით აჩერებს

ზაზა სარალიძის განცხადებით, მასშტაბური აქციები პარლამენტის შენობის წინ დროებით შეჩერდება, მაგრამ არ შეწყდება. ზაზა სარალიძემ რამდენიმე მიზეზი დაასახელა, რის გამოც აქციებს 19 ივნისამდე აჩერებენ.

მისივე თქმით, ყოველდღიური სოლიდარობის აქციები გაგრძელდება და მასში მონაწილეობას შეძლებისდაგვარად მიიღებს ხოლმე, თუმცა ეს არ იქნება მასშტაბური აქციები, რომელსაც იმ შემთხვევაში დააანონსებს, თუ მისი მოთხოვნები მინისტრების გადაყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდება.

მისი თქმით, თვალი უნდა მიადევნოს ზვიად კუპრავას და სხვა დაკავებულების საქმეებს, რომლებსაც დღეს სასამართლომ 14 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სარალიძის თქმით, ხვალ გენინსპექციაშია დაბარებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

სარალიძემ ასევე განაცხადა, რომ სრულად იზიარებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის პოზიციას. მისივე თქმით, რამადანი დასრულდება მალე და პანკისელებისთვისაც უფრო მოსახერხებელი იქნება აქციებზე ყოფნა.

ზაზა სარალიძის თქმით, ასევე სურს მთავრობას მისცეს გონივრული დრო მისი მოთხოვნების შესასრულებლად. დღეს ზაზა სარალიძის მოთხოვნებს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადაყენებაც დაემატა.

მასშტაბური აქციები პარლამენტის შენობასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს თანახმად, ზაზა სარალიძის შვილის, დათო სარალიძის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული არსებობს მხოლოდ და მისი მკვლელი უცნობია. ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ მისი შვილის მკვლელს ხელისუფლება მფარველობს და პროკურატურა მიზანმიმართულად აყალბებდა საქმეს.

საქმეზე მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებას ამჟამად შსს იძიებს და დაკავებულია ორი პირი, მათ შორის პროკურატურის ყოფილი ჩინოსანი მირზა სუბელიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი