ახალი ამბები

“ნათელი ქრისტესი საქართველო” არასდროს გაყიდულა – საპატრიარქოს განმარტება სამტომეულზე

11 ივნისი, 2018 • 7505
“ნათელი ქრისტესი საქართველო” არასდროს გაყიდულა – საპატრიარქოს განმარტება სამტომეულზე

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტრილოგიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით , ნათელი ქრისტესი საქართველო” სასაჩუქრეა და ის არასდროს გაუყიდიათ;

“გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს წიგნი, მართალია, გამოიცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, მაგრამ ის არის სასაჩუქრე და არასდროს მომხდარა მისი გაყიდვა. როგორც გაირკვა, “წიგნის სახლში“ ტრილოგიის I და II ტომი  გასაყიდად კერძო პირმა  მიიტანა და რამდენიმე დღეში თავადვე უკან წაიღო. სამწუხაროდ, მისი სახელი და გვარი არ გაგვიმხილეს”,- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მაღაზია “წიგნის სახლი” საპატრიარქოს მიერ გამოცემული სამტომეულის ორ ტომს 3 000 ლარად ჰყიდის.”ნათელი ქრისტესი საქართველო”, ასე ჰქვია წიგნს, რომლის ერთი ტომიც 1 500 ლარი ღირს. წიგნი შეეხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას და მასში შესულია ხელნაწერები და ფოტომასალა.

როგორც მაღაზიაში განაცხადეს, წიგნი გასაყიდად კერძო პირმა მიიტანა, რომლის ვინაობასაც მაღაზიაში მისი თანხმობის გარეშე არ ასახელებენ. მაღაზიის ცნობითვე, კერძო პირმა საპატრიარქოსგან საჩუქრად მიიღო წიგნის ორი ტომი და  2 400 ლარად მაღაზიას ჩააბარა, 600 ლარი კი თავად მაღაზიამ დაამატა ფასს. მაღაზიაში წიგნის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი იყიდება.

სამტომეულის მესამე ტომის პრეზენტაცია 2016 წლის დეკემბერში საპატრიარქოში გაიმართა. სამტომეულზე მუშაობა 16 წელი მიმდინარეობდა. ტრილოგიის ერთ-ერთი ავტორისა და მთავარი რედაქტორის, ნესტან კირთაძის თქმით, წიგნი შეეხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას და მასში შესულია ხელნაწერები და ფოტომასალა.

ნესტან კირთაძის თქმით, წიგნი არის “მონუმენტური ძეგლი-მატიანე”, რომელმაც ქართულ და არაქართულენოვან მკითხველს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, რომელიც არის ქრისტიანული ქვეყანა, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი.

ნესტან კირთაძის თქმით, იდეის ავტორი ილია მეორეა. მესამე ტომის გამოცემა საქართველოს კულტურის სამინისტრომ 254 000 ლარით დააფინანსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი