ახალი ამბები

მას შემდეგ გამათავისუფლეს, რაც დავუდასტურე, რომ დეპუტატი ვარ – მელია

11 ივნისი, 2018 • 1679
მას შემდეგ გამათავისუფლეს, რაც დავუდასტურე, რომ დეპუტატი ვარ – მელია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია, რომელიც დღეს სარალიძე-მაჩალიკაშვილის აქციის დროს დააკავეს, პარლამენტთან დაბრუნდა. როგორც ის ჟურნალისტებთან ამბობს, ის და აქციის დროს დაკავებული 6-მდე პირი კახეთის გზატკეცილზე, ე.წ.ახალი შსს-ს შენობაში მიიყვანეს.

“ყველანი, ვინც დააკავეს, სხვადასხვა საპატრულო ეკიპაჟმა გადმოიყვანა კახეთის გზატკეცილზე. აქციის წევრები ყველა სხვადასხვა მანანქანაში ბორკილებით ჰყავდათ,” – განაცხადა მელიამ.

მელიას თქმით, ის მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სამართალდამცველებს აუხსნა, რომ პარლამენტარი იყო.

“ძალით ისულელებენ თავს, ან ძალიან სულელები არიან. კითხვა დამისვა ხელმძღვანელმა პირმა მანქანაში, ვიყავი თუ არა პარლამენტის წევრი. როდესაც მიიღო დადებითი პასუხი,  მოწმობა მთხოვა, რა მოწმობა უნდა მქონოდა თან? ამხსნეს ხელბორკილები, გადმოვედი, ჩავჯექი ტაქსში, შევედი ედპ-ის ოფისში და იქიდან მოვედი აქციაზე,” – ამბობს მელია.

დღეს, 11 მაისს მას შემდეგ, რაც პოლიციამ რუსთაველის გმაზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერთა კარვები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზზე დააბრუნა, ნიკა მელია პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის წევრის დაკავება არ შეიძლება, თუ არ არსებობს პარლამენტის წინასწარი თანხმობა. გამონაკლისია მხოლოდ დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, როდესაც შესაძლებელია დაკავება. იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნება პარლამენტის თანხმობა, დაკავებული პარლამენტის წევრი უნდა გათავისფულდეს. შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მელია დაკავებული არ იყო.

რა დროს ითვლება პირი დაკავებულად? – საიას იურისტის, გიორგი გოცირიძის განმარტება:

“როდესაც ადამიანს შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, ხდება მისი დახურულ სივრცეში მოთავსება და ხანგრძლივი ვადით იმყოფება იქ, ეს არის დაკავება ყველა შემთხვევაში კონსტიტუციური თვალსაზრისით. უწოდებს თუ არა შსს ამას ასე, როდესაც ადამიანს აქვს თავისუფლება შეზღუდული, არ აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, ეს თაივსუფლების შეზღუდვაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი