ახალი ამბები

სასამართლომ ზვიად კუპრავას და კიდევ 3 პირს 14 დღით პატიმრობა შეუფარდა

11 ივნისი, 2018 • 2047
სასამართლომ ზვიად კუპრავას და კიდევ 3 პირს 14 დღით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ ორი პირი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და მათ 14 დღით ადმინისტრაციული წესით პატიმრობა შეუფარდა.

დღეს, 11 ივნისს, დილით, რუსთაველის გამზირზე პოლიციამ დააკავა  აქციის “ნუ მომკლავ!” ორგანიზატორები და მონაწილეები. როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ოთხივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ერთ-ერთ მათგანს კი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევასაც ედავებიან.

აქცია რუსთაველის გამზირზე კვირას, 10 ივნისს განახლდა. საღამოს, ზაზა სარალიძის თხოვნით, დემონსტრანტებმა პარლამენტის წინ, ტროტუარზე გაშლილი კარვები გზის სავალ ნაწილზე განათავსეს, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდა.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას განაგრძობენ, სანამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი