ახალი ამბები

დევდარიანს ძვირად დაუჯდება ქალებთან ომი – მოპასუხე მხარის პოზიცია

11 ივნისი, 2018 • 3437
დევდარიანს ძვირად დაუჯდება ქალებთან ომი – მოპასუხე მხარის პოზიცია

დღეს, 11 ივნისს, არაერთი ქალის მიერ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ზვიად დევდარიანმა საქალაქო სასამართლოში 12 პირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით. აქედან ცნობილია მხოლოდ 8 პირის ვინაობა. “ნეტგაზეთი” მათ ნაწილს დაუაკვშირდა და მოლოდინების შესახებ ჰკითხა.

ბაია პატარაია ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომლებსაც დევდარიანი პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივის. ბაია პატარაია ამბობს, რომ არ იცის, რა მიზეზით მიიღო დევდარიანმა მისთვის ჩივილის გადაწყვეტილება, რადგან, როგორც თავად ამბობს, პასიური როლი ჰქონდა იმ დღეებში განვითარებულ მოვლენებში:

“ზოგადად შემიძლია შევაფასო ეს სარჩელი, როგორც საკმაოდ უსაფუძვლო, იმიტომ, რომ ამ სარჩელის მიხედვით, ზვიად დევდარიანი მედიას და უფლებადამცველებს უკრძალავს ძალიან პრობლემატურ თემებზე საუბარს და დაზარალებული ქალების მორალურ მხარდაჭერას და მათი უფლებების დაცვას”, – ამბობს პატარაია ნეტგაზეთთან საუბრისას.

ბაია პატარაიას თქმით, საკუთარ ინტერესებს თავად დაიცავს სასამართლოში. მისი თქმითვე, აბსურდულია, რასაც ზვიად დევდარიანი ითხოვს:

“უფლებადამცველთა და მედიის საქმიანობა, სიტყვის და გამოხატვის თვისუფლება დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რომ როდესაც არსებობს დაზარალებული, როდესაც  არსებობს პრობლემა და ადრესატი, ვისაც უჩივიან – ამაზე დაიწყოს საუბარი. განსაკუთრებით ისეთი ახალი პრობლემის შესახებ, როგორიც სექსუალური შევიწროებაა, რომელსაც ყველა შემთხვევას მოჰყვება ხოლმე დიდი გამოხმაურება იმიტომ, რომ ეს პრობლემა არის ძალიან გავრცელებული, თუმცა, იშვიათად არტიკულირებული. სწორედ სექსუალური შევიწროების მსხვერპლებს სჭირდებათ განსაკუთრებული მხარდაჭერა როგორც უფლებადამცველების, ასევე საზოგაოდების მხრიდან და გაჩუმება ვერ იქნება დემოკრატიული საზოგადოებისთვის მისაღები ან სასრგებლო პროცესი – პრაქტიკულად ამას ითხოვს დღეს ზვიად დევდარიანი, რაც აბსურდულია”.

სარჩელის კიდევ ერთი ადრესატია თამუნა ყურაშვილი. თამუნა ყურაშვილის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს:

“პირველ რიგში, ველოდები სარჩელის შინაარს. მოპასუხე მხარეს გვექნება ერთიანი სტრატეგია. ყველამ ვიცით, რომ სექსუალურ შევიწროებაზე ბრალდება არ იყო დაკავშირებული “საზოგადოებრივ მაუწყებლის” საბჭოში დევდარიანის არჩევასთან, თუმცა ეს იყო გადამწყვეტი იმისთვის, რომ ქალებს ხმა ამოეღოთ. ადამიანი, რომელიც თითქოს იცავდა ქალთა უფლებებს,  ქალთა შევიწროებაში და ძალადობაში იყო მხილებული”, – ამბობს ყურაშვილი.

დევდარიანის სარჩელის კიდევ ერთი ადრესატია თამარ კაკაბაძე. მისი შეფასებით დევდარიანმა არასწორი ტაქტიკა აირჩია და ახლა ცდილობს ქალებზე გადაიტანოს წნეხი და შეთქმულების თეორიებს იგონებს:

“დევდარიანი ამ საქმიდან გავა შერცხვენილი და დამარცხებული. მე და მის მიერ დასახელებული სხვა ქალები მივყვებით სამართლებრივ პროცედურებს და გარწმუნებთ, ზვიად დევდარიანს ძალიან ძვირად დაუჯდება ქალებთან ომი”, – ამბობს ის.


ზვიად დევდარიანმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 პირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით. მისმა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ მოპასუხე მხარეებიდან დაასახელა 8 პირი, რომლებსაც უჩივიან:

  1. თამარ ჩერგოლეიშვილი;
  2. ბაია პატარაია;
  3. ნინო დანელია;
  4. თამარ ყურაშვილი;
  5. თამარ კაკაბაძე;
  6. იდა ბახტურიძე;
  7. ეკატერინე ონიანი;
  8. ტაბულა.

“4 ე.წ. მსხვერპლს არ დავასახელებ. ვუფრთხილდებით მათ პირად ცხოვრებას, მათ უკან ოჯახებია. ისინი მობრძანდებიან სასამართლოში და არ არის გამორიცხული, სასამართლოს დახურვაც კი მოვითხოვოთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მოტივით,” – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

მას შემდეგ, რაც ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს წარუდგინა, ქალთა მოძრაობამ ქალების სექსუალურ შევიწროებაში 17 მარტს დაადანაშაულა.

“ნეტგაზეთმა” ინტერვიუ ჩაწერა რამდენიმე ქალთან, რომლებმაც ზვიად დევდარიანის მხრიდან შევიწროებაზე კონფიდენციალურად ისაუბრეს. კიდევ რამდენიმე ისტორია გამოაქვეყნა ქალთა მოძრაობამ და ტაბულამ. ზვიად დევდარიანი ბრალდებებს უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი