ლომჯარია: გზის გადაკეტვით მოსახლეობა დაზარალდება, რომელიც სარალიძის მიმართ სოლიდარულია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სარალიძის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების მიერ რუსთაველის სავალი გზის გადაკეტვას ეხმაურება. როგორც ლომჯარია განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ მას სრულიად ესმის როგორც ზაზა სარალიძის, ასევე საზოგადოების ნებისმიერი წევრის სულიერი ბრაზი, გზის გადაკეტვით მხოლოდ ის მოსახლეობა დაზარალდება, რომელიც ამ გზაზე ყოველდღე გადაადგილდება და რომელიც ასევე სოლიდარულია სარალიძის მიმართ.

რუსთაველის გზის სავალი ნაწილი გუშინ საღამოს საათებიდან კარვებით გადაკეტილი იყო. კარვები სულ ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა აიღეს. როგორც სახალხო დამცველი თავის განცხადებაში განმარტავს, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც მათი ჩატარება შეუძლებელია მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე.

“ბატონ ზაზა სარალიძის და ყველა იმ პირის უფლებების დასაცავად მე და ჩემი აპარატი 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ჩვენ გვინდა ვნახოთ საქმის ყველა დეტალი, თუ ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნა არის შესაძლებელი, მოვითხოვოთ. ასევე ვმუშაობთ ყველა იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომელიც სისტემურია. დამეთანხმებით, რომ ამ საქმის მასშტაბი სცილდება ერთ კონკრეტულ შემთხვევას და სხვა გლობალურ პრობლემებს წარმოაჩენს. ეს არის საქმე, სადაც დღის წესრიგშია როგორც დათო სარალიძის უფლებების დაცვა, ასევე, სხვა გარდაცვლილი ბავშვების უფლებები და ინტერესები,” – წერს ნინო ლომჯარია.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას სრულად ესმის აქციის მონაწილეების პიროვნული მღელვარება, აუცილებელია, რომ პროტექსტის გამოხატვის ფორმა კანონიერი იყოს.

“სავალი ნაწილის გადაკეტვით დაზარალდება მხოლოდ ის მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურად გადაადგილდება ამ ქუჩაზე და რომელიც ასევე სოლიდარულია ბატონი ზაზას მიმართ.მისასალმებელია პროტესტის ყველა ფორმა, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია, რომ აღნიშნული მშვიდობიანი და კანონიერი იყოს. კანონიერის ქვეშ, პირველ რიგში, ვგულისხმობ იმას, რომ სხვა პირთა უფლებები არ დაირღვეს,” – წერს ომბუდსმენი.

განცხადების ბოლოს ნინო ლომჯარია ხაზს უსვამს იმ ფაქტს,  რომ აუცილებელია მართლწესრიგის დაცვისას გამოყენებული ყველა ზომა იყოს პროპორციული და ადეკვატური.

აქცია რუსთაველის გამზირზე კვირას, 10 ივნისს განახლდა. საღამოს, ზაზა სარალიძის თხოვნით, დემონსტრანტებმა პარლამენტის წინ, ტროტუარზე გაშლილი კარვები გზის სავალ ნაწილზე განათავსეს, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდა.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას განაგრძობენ, სანამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან