ახალი ამბები

გამოძიების მტკიცებით, მერაბ მორჩაძემ მოწმეს ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ ფული მისცა

10 ივნისი, 2018 • 2624
გამოძიების მტკიცებით, მერაბ მორჩაძემ მოწმეს ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ ფული მისცა

მერაბ მორჩაძეს, რომელიც პოლიციამ პარასკევს დააკავა ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურაში ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” დაკავებულის ადვოკატმა ზაალ თავაძემ განუცხადა. ის ამჟამად პროკურატურაში იმყოფება, სადაც ბრალის წარდგენის პროცესი მიმდინარეობს.

საუბარია თბილისში გასულ წელს მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაზე, რომლის დროსაც ორი არასრულწოვანი მოკლეს. ერთ-ერთი მოკლულის  მამის ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად თბილისში დღესაც იმართება აქცია.

შსს ცნობით, მორჩაძემ ჩვენების შეცვლის მიზნით, ძმებ კალანდიებს გარკვეული თანხა გადასცა და მათ მოსთხოვა სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა:

“გამოძიებით დადგინდა, რომ მერაბ მორჩაძემ, სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა ბრალდებულ მ.კ.-ზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს – ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებს – მ.კ.-ს და ლ.კ.-ს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა და სანაცვლოდ მ.კ.-ს მოსთხოვა სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა, რომ თითქოს მ.კ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში გ.ჯ.-ს ხელში არ დაუნახავს მკვლელობის იარაღი. მერაბ მორჩაძე მ.კ.-ს ასევე დაპირდა სამართალდამცავ ორგანოებთან ჩვენების შეცვლით გამოწვეული შესაძლო პრობლემების მოგვარებას და საკუთარი კავშირების გამოყენებას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის.

შედეგად, 2018 წლის აპრილში სასამართლოში ჩვენების მიცემისას, გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით, მ.კ.-მ განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს ხელში დანა არ დაუნახავს”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა 9 ივნისს.

მერაბ მორჩაძის ადვოკატმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ დაკავებული არ აღიარებს დანაშაულს:

“კომუნიკაციას აღიარებს ოჯახთან, მაგრამ არ აღიარებს ზეწოლას ჩვენების შეცვლის მიზნით”.


გასულ კვირას ხორავას ქუჩაზე არასრულწოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თბილისში მრავალათასიანი აქციები გაიმართა, რის შედეგადაც მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ საქმეს პროკურატურის ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი