ახალი ამბები

“მოკავშირეები ტრამპის წინააღმდეგ” – რა ხდება ფოტოზე G7-ის სამიტიდან

10 ივნისი, 2018 • 2921
“მოკავშირეები ტრამპის წინააღმდეგ” – რა ხდება ფოტოზე G7-ის სამიტიდან

გუშინ, 9 ივნისს დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში კანადაში გამართული შეხვედრის შემდეგ, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ინსტაგრამის გვერდზე მსოფლიო ლიდერების ფოტო გამოქვეყნდა.

ფოტოს, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი G7-ის ლიდერებითაა გარშემორტყმული ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფოტო სოციალური ქსელების მომხმარებლების მიერ ინტერნეტ მიმების შექმნის ინსპირაციად იქცა. ის რამდენიმე საათში კანცლერის გვერდიდან წაშალეს.

დიდი შვიდეულის ლიდერები 09.06.18 ფოტო: EPA

როგორც BBC წერს, დიდი შვიდეულის სამიტზე ექსპერტები დაძაბულობას ელოდნენ და მერკელის ინსტაგრამზე გმაოქვეყნებულმა ფოტომ სწორედ ეს მომენტი აღბეჭდა.

დიდი შვიდეულის 44-ე სამიტი კანადაში გაიმართა. ტრამპს შვიდეულის ლიდერები ჯერ კიდევ სამიტის დაწყებამდე აკრიტიკებდნენ. მსოფლიო ლიდერები აშშ-დან ექსპორტირებულ პროდუქციაზე დაწესებული ტარიფების გამო უპირისპირდებოდნენ. კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო აცხადებდა, რომ კანადა აშშ-ის მიერ ექსპორტირებული მეტალის ნახევარს ყიდულობს. შტატების მიერ დაანონსებული ახალი ტარიფები კი ტრუდოს თქმით, ქვეყნებს შორის სამხედრო ალიანსს საფრთხეს შეუქმნის. განახლებული ტარიფები არა მხოლოდ აშშ-დან იმპორტირებულ მეტალს, არამედ საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სურსათსაც შეეხება.

აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა მიუღებელია ევროკავშირისთვისაც. ევროკავშირის ვაჭრომის კომისარმა აშშ-ის განახლებულ რეგუალაციებს სახიფათო თამაში უწოდა და განაცხადა, რომ ამაზე ევროკავშირი არ გაჩუმდება.

საბოლოოდ სამიტი კრიტიკის ფონზე დასრულდა. ტრამპმა მასპინძელი კანადის პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა, სიცრუეში დაადანაშაულა და ერთობლივი განცხადების გაკეთებაზეც უარი განაცხადა.

კრიტიკა ტრამპმა არც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების მიმართ დაიშურა. როგორც “გარდიანი” წერს, დაძაბული სესიის განმავლობაში, რომელიც ვაჭრობას შეეხებოდა, ევროპელი და კანადელი ლიდერები იშველიებდნენ სტატისტიკას თუ როგორაა დამოკიდებული მათ ქვეყნებზე ამერიკელი დასაქმებულის შრომა, ვაჭრობა და ინვესტიციების ოდენობაა.

თუმცა, დისკუსიას ტრამპის  გადაწყვეტილებებზე გავლენა არ მოუხდენია. აშშ-ს პრეზიდენტი ევროკავშირს აშშ-ის მიმართ ბრუტალურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

“მათ ეს იციან და როდესაც მე მათ ამას ვახსენებ, ისინი დამცინიან” – თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ “აშშ გოჭის ყულაბაა, რომელსაც ყველა ძარცვავს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი