ახალი ამბები

ეს არის გადმოგდებული საკენკი-სარალიძე სუბელიანის დაკავებაზე

9 ივნისი, 2018 • 3620
ეს არის გადმოგდებული საკენკი-სარალიძე სუბელიანის დაკავებაზე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მირზა სუბელიანის დაკავება არ არის დამაკმაყოფილებელი. მისივე შეფასებით, ეს არის “გადმოგებული საკენკი” ხელისუფლების მხრიდან, რომელთაც აქვთ მოლოდინი, რომ ამ დაკავები გამო, ზაზა სარალიძეს პრეტენზიები აღარ ექნება და გაჩერდება.

ზაზა სარალიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე დასვა შეკითხვები, თუ რატომ არ არის დაკავებული მირზა სუბელიანის შვილი და ცოლი, იგივე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. მან ასევე ჩამოთვალა სხვა პირები, რომელთა დაკავებასაც იგი ელოდება.

“მივესალმები შსს-ს ა ნაბიჯს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რა ბრალდებაც წაუყენეს ბატონ მირზა სუბელიანს, ეს არანაირად არ არის დამაკმაყოფილებელი იმ დანაშაულის ფონზე, რაც მაქვს მიუძღვის ამ საქმესთან დაკავშირებით. დააკავეს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ძალიან კარგი, თუმცა საქმეში უხეშად ჩარევისთვის ბრალი წარდგენილი არ არის.

ვიდრე მირზა სუბელიანი კალანდიების ოჯახში მივიდოდა, იქ მანამდე იმყოფებოდნენ მისი მეუღლე და შვილი, რომელი შვილიც რამდენიმე საათში მირზა სუბელიანმა წარადგინა საგამოძიებო უწყებაში, რომ ჩვენება მიეცა. თუ მირზა სუბელიანმა ნახა ეს მკვლელი, იმისმა შვილმა არ დაფარა, რომლის მოწვევითაც იყო მისული ის? მისი შვილი დაკავებული არ არის.
პლიუს ამას, ის არ არის დაკავებული საქმის ორგანიზატორობისთვის.

მისმა მეუღლემაც კარგად იცოდა მკვლელი ვინც იყო. რატომ არ არის დაკავებული ის, როცა ნახა ეს ადამიანი და იცოდა, რომ მკვლელი იყო? ასევე არის ერთი ქალბატონი – მიხეილ კალანდიას დედა, რომელმაც იცოდა, მკვლელი სადაც იყო და არ შეატყობინა.

როცა ზუსტად ასეთი მოთხოვნები მქონდა პროკურატურაში ბატონ ზვიად ფხაკაძესთან, ასეთი პასუხი მივიღე: “კარგი რა, მთელ ოჯახს ხომ არ დავიჭერთ?!” ყველა დამნაშავე დასაჭერია აბსოლუტურად.

მირზა სუბელიანის დაკავება იყო გადმოგდებული საკენკი და უმეცარი ნაბიჯი ხელისუფლებისგან თუ ძალოვანი უწყებისგან, თითქოს ამით მე გავჩერდები. არადა, მე არ მქონია საუბარი მხოლოდ მირზა სუბელიანზე”, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

დღეს, 9 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ხორავას ქუაჩზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ორი არასრულწლოვანია მოკლული. დაკავებულია მირზა სუბელიანი. მას შსს-ს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მუხლი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მირზა სუბელიანი უწყებამ დაკავებამდე 3-ჯერ დაკითხა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ მირზა სუბელიანი მკვლელობაში მონაწილეებს მფარველობს, თავად მირზა სუბელიანს კი ხელისუფლება აფარებს ხელს.  მირზა სუბელიანი მთავარი პროკურატურის თანამშრომელი იყო. ამ ფაქტის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა. “რუსთავი 2–ის” მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, მკვლელობის შემდეგ სუბელიანი სტუმრობდა ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის ოჯახს, რომელიც მისი ნათესავია.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი