ახალი ამბები

მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს

9 ივნისი, 2018 • 4455
მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დაკავებულია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 9 იავნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სუბელიანი სსკ-ს 376-ე მუხლით დააკავეს, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

“გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები”, – აღნიშნა მეზვრიშვილმა

სისხლის სამართლის კოდექსით 376-ე მუხლი გულისხმობს დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ
მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

დაკავებამდე სუბელიანი შსს-ში დაკითხვაზე შევიდა, რომელიც 5 საათს გაგრძელდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს. კომენტარი არც სუბელიანის ადვოკატს გაუკეთებია, რომელიც უწყებაში დაკითხვის დაწყებიდან რამდენიმე საათში მივიდა, როგორც თავად აღნიშნა, სუბელიანის ოჯახის თხოვნით.

აღნიშნული დაკითხვა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მირზა სუბელიანისთვის რიგით მესამე იყო. ბოლოს მას 7 ივნისს, დაახლოებით, 9 საათის მანძილზე კითხვადნენ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ მირზა სუბელიანი მკვლელობაში მონაწილეებს მფარველობს, თავად მირზა სუბელიანს კი ხელისუფლება აფარებს ხელს.  მირზა სუბელიანი მთავარი პროკურატურის თანამშრომელი იყო. ამ ფაქტის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა. “რუსთავი 2–ის” მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, მკვლელობის შემდეგ სუბელიანი სტუმრობდა ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის ოჯახს, რომელიც მისი ნათესავია.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი