947 შემთხვევა 2018 წელს – წითელას გავრცელება საქართველოში მკვეთრად გაზრდილია

2018 წელს საქართველოში წითელას 947 შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისი მონაცემები დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.

მონაცემები 2018 წლის დასაწყისიდან 7 ივნისამდე პერიოდს მოიცავს. ცხრილის მიხედვით, წითელას ყველაზე მეტი – 306 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა, 264 – თბილისში, 132 – იმერეთში, 116 კი სამეგრელოში. შემდგომ მოდის ქვემო ქართლი, სადაც მიმდინარე წელს წითელა 32 შემთხვევაში დადასტურდა, გურიაში – 22, სამცხე-ჯავახეთში კი 18. შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში აღნიშნული დაავადების 7-7 შემთხვევა დააფიქსირეს, კახეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმში – 5, აფაზეთში კი – 2.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, წითელას გავრცელება მნიშვნელოვნადაა გაზრიდლი 2017 წელტან შედარებით, როცა ეს მაჩვენებელი რამდენიმე ათეულს შეადგენდა. მისი თქმით, ინფექციის შემთხვევების ზრდას აუცრელობის პრობლემა იწვევს, რომელიც, განსაკუთრებით, მოზრდილებს ეხებათ.

“ყველაფერი ეს არის იმის შედეგი, რომ თავის დროზე ქვეყანაში დაწყებული მასობრივი იმუნიზაციის კამპანია მასმედიამ ჩააგდო. ახლაც არის გამოცხადებული, რომ ყველას აქვს უფასო ვაქცინაციის საშუალება, მათ შორის, მოზრდილებს, თუმცა სულ რაღაც 30 000 მათგანის[მოზრდილის] აცრა შევძელით ჯერჯერობით. ვთავაზობთ, რომ აიცრან უფასოდ, რომ არ დაემართოთ წითელა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის შესაბამისი შეგნება ჩვენს მოსახლეობაში”, – განუცხადა პაატა იმნაძემ “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, წითელას გავრცელებლის მაჩვენებლის პერიოდული მატება გაგრძელდება, სანამ აცრილთა რიცხვი შესაბამის ნორმას არ მიაღწევს.

“ეს არის წიტელას ეპიდემიოლოგიური თავისებურება – თუ ყველა არ არის აცრილი, “იპოვის” აუცრელებს და მოუბრუნდება. 95% მაინც უნდა იყოს აცრილი, რომ ეს შედეგი არ დადგეს.

პროგრამები არის ღია. 40 წლამდე ასაკის ნებისმიერი ადამიანის აცრა არის უფასო. ასევე, 40 წლის ზემოთ ადამიანი, რომელიც იყო წითელიან ავადმყოფთან კონტაქტში, არ აქვს გადატანილი წითელა და არ იცის, აცრილია თუ არა, მათთვისაც უფასოა”.

წითელა მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელიც სახიფათოა ყველა ასაკში, თუმცა 5 წლამდე და 20 წელს გადაცილებულ ადამიანებში, შესაძლოა, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

ვრცლად წიტელას, მისი გავრცელებისა და თავიდან აცილების გზების შესახებ წაიკითხეთ აქ:

რა არის წითელა და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან