ახალი ამბები

რატომ მკურნალობს ასლან ჯიოევი თბილისში და როგორია მინისტრის განმარტება?

9 ივნისი, 2018 • 4896
რატომ მკურნალობს ასლან ჯიოევი თბილისში და როგორია მინისტრის განმარტება?

მოქალაქე ასლან ჯიოევის ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება.

მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებე მცხოვრებთა სამედიცინო მომსახურება ჰუმანიტარული პროგრამაა და მისი გამოყენება ნათესაური კავშირების ნიშნით ვერ მოხდება:

“ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა უფასო ჯანდაცვის მომსახურების სახელმწიფო რეფერალური პროგრამა ხორციელდება წლების განმავლობაში, გახლავთ ჩვენი ჩართულობის სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება, ფუნქციონირებს ეფექტურად და აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც. ეს არის ჰუმანიტარული პროგრამა, რომლის ამოცანაა მოსახლეობის დახმარება მათი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებიდან გამომდინარე.

პაციენტების შემოსვლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სხვადასხვა კლინიკებში ხორციელდება ყოველდღიურად, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში წითელი ჯვრის მეშვეობით. სიცოცხლის გადარჩენა ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება არ და ვერ მოხდება ნათესაური კავშირების თუ მსგავსი ნიშნით.

ციხელაშვილი ასლან ჯიოევთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს აჯიოტაჟის ატეხვის მცდელობად აფასებს და აღნიშნავს, რომ სამედიცინო ინსტრუმენსტ სადამსჯელო ნიშნით ვერავინ გამოიყენებს.

“იმასაც გეტყვით, რომ თუ პირი არის ეჭვმიტანილი ან არსებობს მასალები რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით, და ასეთი შემთხვევებიც ყოფილა, ხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და არა სამედიცინო ინსტრუმენტის გამოყენება სადამსჯელო მიზნით. როგორც ჩანს, გარკვეული პირები ავრცელებენ გადაუმოწმებელ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას, ტეხენ აჟიოტაჟს და ქმნიან დაძაბულობას მგრნობიარე და ძალიან მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.

ამგვარ საკითხებთან საჭიროა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიდგომა, რომ გარკვეული ქმედებები ან სპეკულაციები არ აღმოჩნდეს ზიანის მომტანი არა მხოლოდ კონკრეტული საქმის, არამედ ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის”, – აცხადებს მინისტრი.

გუშინ, 8 ივნისს, სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მოქალაქე ასლან ჯიოევი ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს. ამავე ცნობის თანახმად, ჯიოევი კლინიკაში ცხინვალიდან 7 ივნისს კატასტროფის ცენტრის ავტომობილით გადმოიყვანეს და 9 ივნისის 06:00-მდე იქ იმყოფებოდა.

ასლან ჯიოევი ახალგორის რაიონული ადმინისტრაციის უფროსის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრია. ცნობა მისი ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსების შესახებ კლინიკის ექიმმა მედიასაც დაუდასტურა.

“კლინიკაში 7 რიცხვში[ივნისს], გამტენიისას, შემოყვანილია “წითელი ჯვრის” პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა ქალა-ტვინის რია ტრავმა, გულ-მკერდისა და ტვინის დაჟეჟილობა, სისხლჩაქცევა და მოტეხილობები. სასწრაფო წესით გაყვანილ იქნა ქირურგების მიერ საოპერაციოში, რის შემდეგად აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში”, – განაცხადა ექიმმა მარინა გელანტიამ.

ჯიოევის მკურნალობის შესახებ სოციალურ ქსელში აქტივისტმა დავით ქაცარავამაც დაწერა, რომელიც ირწმუნება, რომ ფილიპ ხაჩიროვი, რომლის დაცვის წევრადაც ჯიოევი მუშაობს, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორია. მისივე ინფორმაციით, ის ახალგორის დე ფაქტო პოლიციის უფროსის ახლო ნათესავიცაა. ქაცარავა ჯიოევის მკურნალობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა და შესაბამისი უწყებებისგან განმარტებას ითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი