ახალი ამბები

4 დაღუპული და 16 დაშავებული – შსს-ს განცხადება გომბორზე მომხდარ ავარიაზე

9 ივნისი, 2018 • 3460
4 დაღუპული და 16 დაშავებული – შსს-ს განცხადება გომბორზე მომხდარ ავარიაზე

გომბორის უღელტეხილზე დღეს, 9 ივნისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავარია თელავის რაიონის სოფელ თეთრი წყლების მიმდებარედ მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად ექსკურსიაზე მიჰყავდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შსს-ს ცნობით, უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა.

“გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 16 ადამიანმა, რომლებიც უკვე გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში”.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ნობით, საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, ავტომანქანის მძღოლი კი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი