ზაზა სარალიძე – პროკურორისთვის ცნობილი იყო, ვინც ახორციელებდა მოწმეზე ზეწოლას

ხორავაზე ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პროკურატურისთვის ცნობილი იყო იმ პირის ვინაობა, ვინც მოწმეზე ზეწოლას ახორციელებდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ახლა არ აღმოუჩენია.

ეს კომენტარი ზაზა სარალიძემ, რომელიც შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაზე შედეგებს კვირამდე ელის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, მერაბ მორჩაძის დაკავების შესახებ გააკეთა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

მერაბ მორჩაძე პოლიციამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 8 ივნისს დააკავა. შსს-ს განმარტებით, დაკავების საფუძველი გახდა მოპოვებული ახალი მტკიცებულებები და მოსამართლის განჩინება.

მორჩაძის დაკავებასთან დაკავშირებით შსს-ს სხვა ცნობა არ გაუვრცელებია. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ეს სახელი და გვარი მას არ სმენია, თუმცა, მისი თქმით, თუ მორჩაძე საქმის ერთ-ერთ მოწმეზე, მიხეილ კალანდიაზე ზეწოლის გამო დააკავეს, “ეს ახალი და უცხო” არაა მისთვის.

“ ამასთან დაკავშირებით ძიება დაიწყო 11 აპრილს, როცა მიხეილ კალანდიამ ცრუ ჩვენება მისცა.  ამაზე ინფორმირებულია ზვიად ფხაკაძე და სიახლეს არ წარმოადგენს ის, თუ ვინ ახდენდა ზეწოლას მიხეილ კალანდიაზე. ზვიად ფხაკაძე პირდაპირ მეუბნებოდა, წარმოგიდგენ იმ პიროვნებას, ვინც კალანდიაზე ზეწოლა განახორციელაო. მისთვის ეს 15 აპრილს უკვე ცნობილი იყო”, – თქვა ზაზა სალარიძემ და დაამატა:

“შსს-ს ვთხოვ, ამ სისულელეებს მორჩნენ და ხვალ უკვე ველოდები შედეგებს.

მე ვითხოვ კონკრეტული პირების დაკავებას და არ მინდა საზოგადოებამ ისე მიიღოს, თითქოს ეს შსს-მ ახლა აღმოაჩინა”.

ოფიციალურად ცნობილი არ არის, რომელ მოწმეზე ზეწოლაში ადანაშაულებს გამოძიება მორჩაძეს.

ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული პირების დაკავებას სთხოვს, მათ შორისაა მირზა სუბელიანი, რომელსაც შსს-ში გუშინ 9 საათის განმავლობაში კითხავდნენ.

სარალიძე და მისი მხარდამჭერები კვირას თბილისში აქციის გამართვას გეგმავენ.

გასულ კვირას ხორავას ქუჩაზე არასრულწოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თბილისში მრავალათასიანი აქციები გაიმართა, რის შედეგადაც მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ საქმეს პროკურატურის ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი