ახალი ამბები

„ქალბატონი ნარგიზა“ – ბოშათა მხარდამჭერი ქობულეთიდან

8 ივნისი, 2018 • 3040
„ქალბატონი ნარგიზა“ – ბოშათა მხარდამჭერი ქობულეთიდან

„ქალბატონო ნარგიზა“ – ასე პირველად მაშინ მიმართეს, როცა 10 წლის წინ ქობულეთში მცხოვრებმა ბოშებმა სკოლაში შვილების მიყვანა გადაწყვიტეს. ამ დროს იგრძნო, რომ ყინული გალღვა… 10 წლის წინ ქობულეთში და არც სხვაგან ბოშები სკოლებში თითქმის არ დადიოდნენ. დღეს ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლაში 75 ბოშა მოსწავლეა. სკოლის დირექტორი – ნარგიზ ჯინჭარაძე, ბოშებისთვის იგივე „ქალბატონი ნარგიზა“ ამ დასახლებაში 10 წლის წინ გამოჩნდა.

ნარგიზ ჯინჭარაძე

ამ სკოლის დირექტორობამდე ნარგიზ ჯინჭარაძეს იგივე დამოკიდებულება ჰქონდა ბოშებთან, რაც სხვებს – არ მოსწონდა და ეზიზღებოდა. „დასჯად“ მიიღო 2006 წელს აჭარის განათლების მინისტრის – ალექსი ჩიკვაიძის გადაწყვეტილება, მეხუთე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად გნიშნავთო, როცა უთხრა. ნარგიზმა იცოდა, რომ ეს ის სკოლა იყო, რომელიც დიდი პოპულარულობით ქალაქში ვერ სარგებლობდა და რაც მთავარია – ბოშათა დასახლებაში მდებარეობდა.

ბოშების მიმართ ინტერესი არც მაშინ გასჩენია, როცა სკოლაში მისულს სასკოლო ჟურნალში რამდენიმე ბოშური გვარი ამოუკითხავს და მასწავლებლებს უთქვამთ, აქ კი წერია, მაგრამ ესენი სკოლაში არ დადიანო. წუხილი მაშინ იგრძნო, როცა ბოშა ბავშვებმა ერთ დღეს ქუჩაში გააჩერეს და უთხრეს: „ჩვენც გვინდა სწავლა“.

„პირველი შეხება ბოშათა თემთან მქონდა 2008 წელს. მაშინ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ აკეთებდა კვლევას ბოშათა თემის საჭიროებაზე, სტატისტიკის შეგროვებაზე. თბილისიდან ვინც იყვნენ, დაინტერესდნენ, რატომ არ დადიან ეს ბავშვები სკოლაში. არც ვიცოდი რა მეპასუხა… ბოშების ოჯახში მაშინ მივედი პირველად, მაგრამ ისინი არ გვიღებდნენ, თითქმის ყველა კითხვას თავს არიდებდნენ. რამდენიმე ბავშვს ვკითხე მშობლის თანდასწრებით, გინდათ იაროთ სკოლაში-მეთქი? არ მიპასუხეს. მერე იგივე ბავშვები ქუჩაში შემხვდნენ, მომდევდნენ და მეკითხებოდნენ, ნარგიზა დეიდა, ნარგიზა მასწავლებელო, მართლა შეიძლება ჩვენც ვისწავლოთო? მაშინ გავაცნობიერე, რომ ამ ბავშვებს უნდოდათ განათლების მიღება, თანატოლებთან ურთიერთობა… ვიგრძენი, რომ დამნაშავე ვიყავი. მივხვდი, რომ ძალიან ცუდად ვიქცეოდი, აქამდე ბოშების მიმართ ასეთი ზიზღნარევი დამოკიდებულება რომ მქონდა. სამწუხაროდ, მეც სტიგმის ქვეშ ვიყავი,“ – გვიყვება ნარგიზ ჯინჭარაძე.

ნარგიზმა მიზნად დაისახა ბოშა ბავშვების სკოლაში მიყვანა. ამბობს, რომ ამ პროცესში გულწრფელობამ უშველა, რასაც განსაკუთრებით აფასებენ ბოშები. „მოლაპარაკებები“ ბოშებთან სკოლაში წასვლის საკითხზე ბოშური ყავის მოხარშვით დასრულებულა. „ქალბატონ ნარგიზას“ უთხრეს, რომ ბოშური ყავის მირთმევა ნიშანი იყო – მეორე დღეს სკოლაში ბოშა ბავშვები გამოჩნდებოდნენ.

„მე უკვე მივედი მათთან ბავშვების გამო და არასამთავრობოს კვლევის საქმეზე. ისინი შიშით აღარ მიყურებდნენ, რაღაც საპასუხოს ელოდნენ. ვიგრძენი, რომ ჩემი სახით დაინახეს მფარველი. ვფიქრობ, რომ ამ ეთნოსს აქვს რაღაც განსაკუთრებული ნიჭი – კი არ ხვდებიან და აცნობიერებენ, არამედ გრძნობენ კეთილგანწყობას. თუ იგრძნეს ის, რომ რაღაცისთვის იყენებ, ან მისი შეშინება გინდა, ან ხელოვნურად აჩვენებ, რომ გიყვარს, მაშინვე ბარიერი იქმნება ურთიერთობაში. აქამდე ვფიქრობ, რომ არ ვიცი ზუსტად, რატომ აღმიქვეს ასე, რომ მე მათთვის რაღაც დახმარების გაწევა შემეძლო. ვფიქრობ, რომ გულწრფელობაა ამ კომუნიკაციის ყველაზე კარგი მიზეზი,“ – ასკვნის ნარგიზი.

სკოლაში ბოშა ბავშვების გამოჩენამდე შიში იყო გასაქრობი. ნარგიზ ჯინჭარაძე ფიქრობს, რომ შიში ორივე მხარეს იყო – ქართველებთან, ბოშებთან.

„მათ ჰქონდათ ძალიან დიდი შიში ნებისმიერი სოციუმის და მათ შორის, სასკოლო საზოგადოების მიმართ. პირველი პრობლემა იყო ასევე სამოქალაქო დოკუმენტების არარსებობა. ეს, მათი აზრით, გარკვეულ პასუხისმგებლობას გამოიწვევდა სახელმწიფოსთან, მაგალითად, სამხედრო სამსახურს, ან პოლიციის ადვილად შეეძლო მათი გაკონტროლება. წახალისება ჩვენის მხრიდან იყო ის, რომ ისინი მიიღებდნენ სოციალურ შემწეობას,“ – აღნიშნავს ნარგიზი.

დოკუმენტების მომზადების შემდეგ, ბოშებმა  სკოლაში საკვირაო გაკვეთილებზე დაიწყეს სიარული. ამ პროცესით კმაყოფილი ბოშა და ქართველი ბავშვები აღმოჩნდნენ. უფროსები – გაბრაზდნენ.

„რა ამბავია ამდენი ციგანი სკოლაში,“ „არ მინდა, ჩემი შვილი ციგანი ბავშვის გვერდით იჯდეს“, „როდის უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი?“ – ეს ის ფრაზებია, რომელსაც ნარგიზ ჯინჭარაძე ქართველი მშობლებისგან ისმენდა. ზოგჯერ მსგავს ფრაზებს ახლაც ისმენს, მაგრამ ახლა ამას მშვიდად ხვდება – უკვე ყველამ იცის, რომ ის ბოშა ბავშვებზე უარს არ იტყვის. მაშინ, როცა ბოშა ბავშვები სკოლაში გამოჩნდნენ, რამდენიმე ქართველი მშობლისთვის სკოლის დირექტორს უთქვამს, რომ თუკი კლასში ბოშა ბავშვი მისთვის მიუღებელია, შეუძლია ქართველი მოსწავლე სხვა სკოლაში გადაიყვანოს.

წუწუნებდნენ პედაგოგებიც: „ჩვენი დირექტორი რას აკეთებს?“ „შეგვჭამა თავისი ციგნებით“. ვინ დაეხმარა სკოლის დირექტორს ამ პროცესში? – პასუხის გაცემამდე ნარგიზი სკოლის ეზოსკენ აპარებს თვალს, სადაც ბავშვები ხმაურობენ. მერე ვიდეოკამერას უბრუნდება და ღიმილით ამბობს – ბავშვები.

ბოშების სკოლაში გამოჩენას სიხარულით ქართველი პატარები დახვედრიან. ნარგიზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ მაშინდელი პირველ და მეორეკლასელების მხარდაჭერის გარეშე, ძალიან გაუჭირდებოდა. „რომ არა ის ბავშვები, რომლებიც ახლა უკვე სკოლას ასრულებენ, ვერაფერსაც ვერ გავაკეთებდითო,“ – დასძენს ის.

რამდენიმე წელიწადში ზოგიერთმა ბოშამ სწავლის მიტოვება დაიწყო. ბარიერი ქართული ენის ცოდნა აღმოჩნდა, რაც აქ დღემდე პრობლემაა.

„ჩავაბარე სასერთიფიკაციო გამოცდა დაწყებითი კლასის ქართულში იმიტომ, რომ შევსულიყავი ბავშვებთან და ჩემი თვალით დამენახა სიძნელეები, რაც მათ აქვთ. როცა შემოდიან პირველ კლასში, ცალკე კლასი რომ გახსნა მათთვის, ასე არ შეიძლება, უმჯობესია, თანატოლ ქართველებთან ჰქონდეთ ურთიერთობა და ქართული ენა ისწავლონ. როცა, მაგალითად, კვირის დღეებს ასწავლი და ქართველმა მოსწავლემ ეს უკვე იცის, ბოშა ბავშვს უფრო მეტი დრო სჭირდება იმისთვის, რომ ქართულად კვირის დღეები, ან წელიწადის დროები ისწავლოს. კლასში თუ არის 25 მოსწავლე და 5 ბოშა, მასწავლებელი თავისთავად იმ 20-ის მზაობას უფრო ითვალისწინებს, მას უნდა, რომ პროგრამას არ ჩამორჩეს,“ – გვიზიარებს ნარგიზი შთაბეჭდილებებს და იხსენებს, რომ პირველ კლასში ყველაზე მეტი აქტიურობით სწორედ ბოშა ბავშვები გამოირჩევიან, მათ სურთ, პირველებმა უპასუხონ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვას.

„მერე როცა ხედავენ, რომ ქართველ ბავშვებს ჩამორჩნენ, პასიურები ხდებიან. ბოშებს საერთოდ ღირსების გრძნობა აქვთ გამძაფრებული. შემდეგ, როცა თავიანთ ადგილს ვეღარ პოულობენ, იწყება გაცდენები. შემდეგ იწყება მიზეზების ძებნა, რომ გაწვიმდა და ფეხსაცმელი არ ჰქონდა…“ – ამბობს ის.

ნარგიზ ჯინჭარაძეს ახლა სპეციალური პროექტისგან აქვს მოლოდინი, რომელსაც განათლების სამინისტრო აფინანსებს და რაც ქართველი და ბოშა ბავშვების სოციალიზაციას ითვალისწინებს. თეატრის, ლიტერატურის, ან მუსიკის კლუბებში მოზარდები იკრიბებიან და ერთად მუშაობენ. ნარგიზი ფიქრობს, რომ ეს მეთოდი ენის სასწავლად ყველაზე ეფექტურია.

საუბრის დროს ნარგიზი ახსენებს საბავშვო ბაღსაც, რომელიც ბოშათა დასახლებასთან ახლოს გაიხსნა. სჯერა, რომ აქაც მალე დაიძლევა უნდობლობის მომენტი და ბოშები ბავშვებს ბაღშიც მიიყვანენ. დღეს მხოლოდ რამდენიმე ბოშა ბავშვი დადის საბავშვო ბაღში. თუკი ბავშვები ბაღში ივლიან, ისინი სახელმწიფო ენას უკეთ შეისწავლიან. გარდა ამისა, მცირეწლოვან ბავშვები აღარ გახდებიან მოზარდი გოგოებისთვის სწავლის შეწყვეტის მთავარი მიზეზი – ბოლო პერიოდში ბოშა გოგონები მე-5, მე-6 კლასიდან სკოლაში სიარულს თავს ძირითადად იმის გამო ანებებენ, რომ მცირეწლოვან და-ძმებს მოუარონ.

ნარგიზს მიაჩნია, რომ პროცესი ჯერ არ დასრულებულა. 10 წლის წინ მიაჩნდა, რომ 10 წელი სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისთვის, ყველა ბოშას სკოლაში რომ ევლო და წარმატებული ბოშა მოსწავლეები ჰყოლოდა. ახლა ნარგიზი განსაკუთრებით ჯუმბერ ალიმოვით ამაყობს, რომელიც მეთერთმეტე კლასს ასრულებს. ის პირველი ბოშაა, რომელიც უმაღლესში გამოცდების ჩასაბარებლად ემზადება. ჯუმბერი იურისტობას აპირებს.

ნარგიზ ჯინჭარაძე ახლა მშვიდად ვეღარ უვლის გვერდს სხვა ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში ხვდებიან და სკოლაში არ დადიან.

„ბათუმის ქუჩებში მხვდებიან ქურთი და მოლდოველი ბავშვები. ამ თემზე არავინ მუშაობს. ციგნებს ეძახის ყველა, მაგრამ არ არიან ისინი ბოშები. ამას წინათ მათთან გამოლაპარაკება ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა. ბევრი სამუშაოა,“- ასრულებს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი