ახალი ამბები

ეს იყო შელაპარაკება და არა ბულინგი – დირექტორი ხორავას ქუჩამდე სკოლაში მომხდარ ინციდენტზე

8 ივნისი, 2018 • 3970
ეს იყო შელაპარაკება და არა ბულინგი – დირექტორი ხორავას ქუჩამდე სკოლაში მომხდარ ინციდენტზე

51-ე სკოლის დირექტორის, მანანა თურქიას თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბი, რომელსაც ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა, ბულინგს არ გამოუწვევია და ჩხუბის მიზეზი [სკოლაში მომხდარი] შელაპარაკება გახდა.

“ბულინგი არ ყოფილა, ეს შელაპარაკება იყო, რომელიც, სამწუხაროდ, ასე ცუდად დასრულდა. ვფიქრობ, ამას არავინ ელოდებოდა. გამოძიების დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, რადგან მეც, ისევე როგორც ბევრ ადამიანს, გაუთქმლობის პირობა მაქვს დადებული. იმ დღეს სკოლაში არ ვიყავი, ის ერთი დღე შვებულება მქონდა. ყველაფერი, რაც ვიცი, მონაყოლით ვიცი. შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ დათოს ან მისი მეგობრების მხრიდან ბულინგი არ ყოფილა. ეს იყო ერთჯერადი შემთხვევა, რომელიც ასეთი ტრაგედიით დასრულდა,”-ამბობს სკოლის დირექტორი.

51-ე სკოლის დირექტორმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ სკოლას ფსიქოლოგი ჰყავს და რამდენიმე თვის განმავლობაში ჩართული იყო ბულინგის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. მისი თქმით, ამ კამპანიის ფარგლებში ბულინგთან დაკავშირებით მასწავლებელებს ტრენინგი ჩაუტარდათ.

“სკოლას ჰყავს ფსიქოლოგი. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებთან. მეტსაც გეტყვით, სკოლას ისეთი შემთხვევები გამოუვლენია, რაც მშობელსაც კი არ გაუგია. სკოლა არის ადგილი, სადაც შესაძლოა ჩაგვრის მომენტი იყოს, თუმცა ჩვენს სკოლას ეს არასდროს დაუმალავს. პირიქით, სექტემბერში დავიწყეთ ბულინგთან დაკავშირებით დიდი კამპანია. ამაში ჩართული იყო სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების განყოფილება,”-აცხადებს მანანა თურქია.

პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი დავით სარალიძე 2 დეკემბერს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბს წინ სკოლაში დაფიქსირებული ინციდენტი უსწრებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი