ახალი ამბები

“თეა, წადი!” – აქტივისტებმა იუსტიციის სახლში შავი ბუშტებით წულუკიანის გადადგომა მოითხოვეს

8 ივნისი, 2018 • 3443
“თეა, წადი!” – აქტივისტებმა იუსტიციის სახლში შავი ბუშტებით წულუკიანის გადადგომა მოითხოვეს

დღეს, 8 ივნისს აქტივისტებმა იუსტიციის სახლში ჰელიუმის შავი ბუშტები, წარწერით “თეა, წადი!” გაუშვეს, რითაც კიდევ ერთხელ მოითხოვეს იუსტიციის მინისტრის გადადგომა.

 

თეა, წადი!

Posted by Dato Abzianidze on Friday, June 8, 2018

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით, დღეს, 8 ივნისს, იუსტიციის სახლთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია საინიციატი ჯგუფი – თავისუფლებისთვის. აქცია 19:00 საათზე დაიწყება.

აქციის ორგანიზატორები მიიჩნევნ, რომ:

  • იუსტიციის მინისტრი არის პერსონალურად პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელიც არ განხორციელდა
  • იუსტიციის მინისტრმა არ იზრუნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს
  • იუსტიციის მინისტრმა მთავარ პროკურორ შოთაძეს მადლობა გადაუხადა კარგად შესრულებული საქმიანობისთვის მისი გადადგომის შემდეგ
  • იუსტიციის მინისტრის მიერ შერჩეულმა ოთხიდან ვერც ერთმა მთავარმა პროკურორმა ვერ იმუშავა დამოუკიდებლად
  • თეა წულუკიანი არ აღიარებს და პატივს არ სცემს სასამართლო ხელისუფლებას! ის არ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს გახმაურებულ საქმეებზე, იყენებს ინსტიტუციურ მექანიზმებს პირადი მიზნებისთვის, უკანონოდ ათავისუფლებს თანამშრომლებს სამსახურიდან
  • იუსტიციის მინისტრმა არამიზნობრივად გაზარდა საშტატო ერთეულთა რაოდენობა იუსტიციის სისტემაში და პარტიული აქტივისტებით გაავსო სამინისტრო
  • თეა წულუკიანს არ აქვს იურისტის დიპლომი
  • სტრასბურგმა ორჯერ დაუწუნა მოსამართლეთა სია
  • წაგებული აქვს თითქმის ყველა საქმე საერთაშორისო დონეზე
  • იუსტიციის მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა არასამთავრობო სექტორმა;

Update: შავი ბუშტები იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა ჯოხით ჩამოხსნეს.


თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააყენეს. 5 ივნისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ არ დაასახელებენ მთავარი პროკურორობის კანდიდატს და მხოლოდ ახალი იუსტიციის მინისტრის პირობებში გამართავენ კონსულტაციებს მთავარი პროკურორობის კანდიდატთან დაკავშირებით.

მთავარი პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად ირაკლი შოთაძე გადადგა. თბილისში, ხორავას ქუჩაზე გასულ წელს მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დათო სარალიძის მამა მთავარ პროკურატურას დანაშაულის ჩამდენების მფარველობაში ადანაშაულებს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ახალ მთავარ პროკურორს დანიშნავენ საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად. კვირიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას წულუკიანის გადაყენებასთან დაკავშირებით აბსურდული უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი