ახალი ამბები

სერგი კაპანაძე: საგამოძიებო კომისიის სხდომები და მტკიცებულებების ნაწილი იქნება საჯარო

8 ივნისი, 2018 • 1202
სერგი კაპანაძე: საგამოძიებო კომისიის სხდომები და მტკიცებულებების ნაწილი იქნება საჯარო

დადუნაშვილი- სარალიძის საგამოძიებო კომისიი სხდომები და მტკიცებულებების ნაწილი საჯარო იქნება. ამის შესახებ დღეს, 8 ივნისს, პარლამენტში კომისიის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ ნეტგაზეთის კითხვის შემდეგ განაცხადა.

“კომისიის სხდომები იქნება საჯარო. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მათი ნაწილი შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც ეხება, მაგალითად, არასრულწლოვნების პირად ცხოვრებას, დახურული იქნება. მაგრამ როგორც პრინციპი, კომისიის სხდომები იქნება საჯარო,”- განმარტა მან.

დღეს, 8 ივნისს, საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართა. როგორც სერგი კაპანაძე განმარტავს, ამ სხდომაზე წევრებმა მიიღეს დებულება, რომელსაც ორშაბათს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. გარდა ამისა, დამტკიცდა, რომ კომისიის თავმჯდომარე იქნება ანრი ოხანაშვილი, ხოლო მდივანი- ოთახ კახიძე. მისივე თქმით, აქტიური სხდომები იქითა კვირიდან განახლდება, თუმცა, წევრების აქტივობები დამოკიდებულია იმაზეც, თუ რამდენად სწრაფად მიაწვდის კომისიას საქმის მასალებს შსს, პროკურატურა და სასამართლო.

“ძალიან რთულია კონკრეტული ოდენობის თქმა, მაგრამ ძალიან ინტენსიურ მუშაობას ვაპირებთ. შეიძლება იყოს კვირაში რამდენიმე სხდომა. ჩვენ კანონით გვიწერია, რომ უნდა იყოს მინიმუმ 2 შეხვედრა, მაგრამ ასეთ რთულ საქმეს გაცილებით უფრო მეტი სხდომები დასჭირდება,” – განაცხადა კაპანაძემ.


საქართველოს პარლამენტმა დადუნაშვილი-სარალიძის მკვლელოობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია 95 ხმით დაამტკიცა. დეპუტატებმა კენჭი უყარეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატსაც. ამ პოზიციაზე “ევროპული საქართველოდან” სერგი კაპანაძე და “პატრიოტთა ალიანსიდან” ადა მარშანია იყვნენ წარდგენილნი. კომისიას ხმათა უმრავლესობით სერგი კაპანაძე  უხელმძღვანელებს.

17-კაციან კომისიაში 9 წარმომადგენელი საპარლამენტო უმცირესობას ჰყავს. “ევროპული საქართველოდან” კომისიის შემადგენლობაში დაამტკიცეს სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.

დანარჩენ წევრებს კი “ქართული ოცნებისა” და “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები დააკომპლექტებენ – მათ შორის: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე და ადა მარშანია. კომისიაში ასევე იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილიც.

პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას 31 მაისს დაუჭირა მხარი. კომისიის შექმნას ემხრობა 84 დეპუტატი.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი