ახალი ამბები

კაპანაძის თქმით, “ოცნებას” უნდა გაეთვალისწინებინა ბესელიაზე ზაზა სარალიძის პოზიცია

8 ივნისი, 2018 • 3515
კაპანაძის თქმით, “ოცნებას” უნდა გაეთვალისწინებინა ბესელიაზე ზაზა სარალიძის პოზიცია

დადუნაშვილი- სარალიძის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ კარგი ექნებოდა “ქართულ ოცნებას” გაეთვალისწინებინა ზაზა სარალიძის პოზიცია კომისიაში ეკა ბესელიას ყოფნასთან დაკავშირებით.

“მე ძალიან კარგად მესმის ბატონი ზაზას დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და თავის დროზე კარგი იქნებოდა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო “ქართულ ოცნებას”. ახლა კომისია გააგრძელებს მუშაობას და თქვენ მისი პოზიციაც მოისმინეთ და ჩემი პოზიციაც ესაა, რომ ჩვენს შორის თანამშრომლობა იქნება. ქალბატონი ბესელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს და როგორ, ვნახავთ და ეს უკვე მათ უნდა ჰკითხოთ. არავის არ ჰქონდეს ილუზია, რომ, ან თავისი პოზიციიდან გამომდინარე, ან თავისი ეგოდან გამომდინარე, როგორმე გააჭიანურებენ ამ კომისიის მუშაობას”, – განაცხადა კაპანაძემ სარალიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

რეგლამენტით შესაძლებელია, რომ პლენარულ სხდომაზე კომისიის წევრის შეცვლის საკითხი დააყენონ, რასაც საბოლოოდ უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. გამოიყენებენ თუ არა ამ საშუალებას, კაპანაძეს ამ შეკითხვაზე ცალსახა პასუხი არ გაუცია. დღევანდელ სხდომას არ ესწრება ეკა ბესელია.

ზაზა სარალიძე აცხადებდა, რომ თუ ეკა ბესელია კომისიის წევრი იქნება, საგამოძიებო კომისიასთან არ ითანამშრომლებს.

“ეკა ბესელია თუ იქნება ამ კომისიაში, მე არ ვითანაშმრომლებ”, – ეს განცხადება ზაზა სარალიძემ გააკეთა პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესთან, სერგი კაპანაძესთან შეხვედრაზე.

სარალიძის თქმით, ბესელიას ყოფნა საგამოძიებო კომისიაში მისთვის მიუღებელია, რადგან ეს ადამიანი მას შეურაცხყოფას აყენებდა.

“ადამიანს, რომელიც მე მადანაშაულებს, რომ თითქოს რომელიღაც პარტიას ჩემი შვილის სულით მანიპულირების საშუალება მივეცი, რა თქმა უნდა, არ ვენდობი”, – განაცხადა სარალიძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზადაა კომისიასთან სათანამშრომლოდ და მისი ადვოკატი ყოველს სხდომას დაესწრება, ასევე თქვა, რომ ენდობა კომისიას.


საქართველოს პარლამენტმა დადუნაშვილი-სარალიძის მკვლელოობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია 95 ხმით დაამტკიცა. დეპუტატებმა კენჭი უყარეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატსაც. ამ პოზიციაზე “ევროპული საქართველოდან” სერგი კაპანაძე და “პატრიოტთა ალიანსიდან” ადა მარშანია იყვნენ წარდგენილნი. კომისიას ხმათა უმრავლესობით სერგი კაპანაძე  უხელმძღვანელებს.

17-კაციან კომისიაში 9 წარმომადგენელი საპარლამენტო უმცირესობას ჰყავს. “ევროპული საქართველოდან” კომისიის შემადგენლობაში დაამტკიცეს სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.

დანარჩენ წევრებს კი “ქართული ოცნებისა” და “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები დააკომპლექტებენ – მათ შორის: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე და ადა მარშანია. კომისიაში ასევე იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილიც.

პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას 31 მაისს დაუჭირა მხარი. კომისიის შექმნას ემხრობა 84 დეპუტატი.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი