ახალი ამბები

საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება რუსთაველის აქციამდე იყო – პრემიერი

8 ივნისი, 2018 • 1168
საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება რუსთაველის აქციამდე იყო – პრემიერი

დღეს, 8 ივნისს, გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა გააჩინა. პრემიერი ამბობს, რომ პარლამენტმა საგამოძიებო კომიტეტის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება აქციების დაწყებამდე მიიღო.

“ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია ჩვენთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა. სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის ჩვენშიც. პარლამენტმა მყისიერად მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება მანამდე იყო მიღებული, სანამ რუსთაველის გამზირზე აქციები იქნებოდა. ვინმემ რომ არ მიიწეროს, რადგან მაშინვე გაკეთდა განცხადებები. არ მინდა ბევრი საუბარი იმაზე, თუ როგორ გამოიყენეს პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფებმა ეს სიტუცია და არაადეკვატური მოთხოვნები დააყენეს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


სარალიძის საქმეზე პირველი, გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ჯერ კიდევ სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადებამდე, 27 მაისს გაიმართა, სახელწოდებით “ნუ მომკლავ”.

31 მაისს, როდესაც სასამართლომ ხორავას საქემზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, ზაზა სარალიძე დილიდან წავიდა მთავარ პროკურტაურასთან, სადაც საპროტესტო აქციას მართავდა მხარდამჭერებთან ერთად.

31 მაისს შუადღით, როდესაც მთავარ პროკურატურასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერების აქცია უკვე იმართებოდა კონკრეტული მოთხოვნებით, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა. პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებმა სწორედ მთავარი პროკურატურიდან გადაინაცვლეს.

პარლამენტმა დადუნაშვილი-სარალიძის მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია 95 ხმით 6 ივნისს დაამტკიცა. საგამოძიებო კომისიას “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს. 17-კაციან კომისიაში 9 წარმომადგენელი საპარლამენტო უმცირესობას ჰყავს.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს ერთი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა, ხოლო მეორე ბრალდებული გაამართლა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი