ახალი ამბები

ეკა ბესელია თუ იქნება ამ კომისიაში, მე არ ვითანაშმრომლებ – ზაზა სარალიძე სერგი კაპანაძეს

8 ივნისი, 2018 • 4348
ეკა ბესელია თუ იქნება ამ კომისიაში, მე არ ვითანაშმრომლებ – ზაზა სარალიძე სერგი კაპანაძეს

“ეკა ბესელია თუ იქნება ამ კომისიაში, მე არ ვითანაშმრომლებ”, – ეს განცხადება ზაზა სარალიძემ გააკეთა პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესთან. სერგი კაპანაძესთან შეხვედრაზე.

სარალიძის თქმით, ბესელიას ყოფნა საგამოძიებო კომისიაში მისთვის მიუღებელია, რადგან ეს ადამიანი მას შეურაცხყოფას აყენებდა. სარალიძის თქმით, სხვა მხრივ, კომისიასთან სათანამშრომლოდ მზადაა და მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდის.

“ადამიანს, რომელიც მე მადანაშაულებს, რომ თითქოს რომელიღაც პარტიას ჩემი შვილის სულით მანიპულირების საშუალება მივეცი, რა თქმა უნდა, არ ვენდობი”, – განაცხადა სარალიძემ.

ამავე თემაზე გირჩევთ

ბესელია სარალიძის უნდობლობას პოლიტიკურ გზავნილს უწოდებს

საქართველოს პარლამენტმა დადუნაშვილი-სარალიძის მკვლელოობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია 95 ხმით დაამტკიცა. დეპუტატებმა კენჭი უყარეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატსაც. ამ პოზიციაზე “ევროპული საქართველოდან” სერგი კაპანაძე და “პატრიოტთა ალიანსიდან” ადა მარშანია იყვნენ წარდგენილნი. კომისიას ხმათა უმრავლესობით სერგი კაპანაძე  უხელმძღვანელებს.

17-კაციან კომისიაში 9 წარმომადგენელი საპარლამენტო უმცირესობას ჰყავს. “ევროპული საქართველოდან” კომისიის შემადგენლობაში დაამტკიცეს სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.

დანარჩენ წევრებს კი “ქართული ოცნებისა” და “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები დააკომპლექტებენ – მათ შორის: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე და ადა მარშანია. კომისიაში ასევე იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილიც.

პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას 31 მაისს დაუჭირა მხარი. კომისიის შექმნას ემხრობა 84 დეპუტატი.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი