ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

მეარაყიშვილის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება ცხინვალის უზენაესი სასამართლოს კოლეგიაშიც

8 ივნისი, 2018 • 3016
მეარაყიშვილის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება ცხინვალის უზენაესი სასამართლოს კოლეგიაშიც

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ 2018 წლის 6 ივნისს ახალგორელი აქტივისტის სასარგებლოდ გადაწყვეტილება გამოიტანა.

საქმე შეეხებოდა მეარაყიშვილის სარჩელს გენერალური პროკურატურის წინააღმდეგ. მეარაყიშვილი სტრუქტურას ადანაშაულებდა მის წინააღმდეგ საქმის უკანონოდ დაწყებაში.

თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ცხინვალის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრა. ერთი მათგანი –  2017 წლის აგვისტოში მმართველ პარტია “ერთიან ოსეთზე” ცილისწამების ბრალდებით. 

25 აგვისტოს ახალგორელმა აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა აღნიშულ საქმეზე ცხინვალის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. მეარაყიშვილი და მისი ადვოკატი ჩრდილოეთ ოსეთიდან, იკრამჟან რამატოვი მიიჩნევდნენ, რომ ახალგორის/ლენინგორის პროკურატურის მიერ მისთვის 2017 წლის 16 აგვისტოს წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება ცილისწამების მუხლით უნდა შემწყდარიყო,  რადგანაც მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ გამოძიებას ბრალდების მტკიცებულებები არ გააჩნდა. მეარაყიშვილისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში ცხინვალის პროკურატურა წერდა, რომ ახალგორის პროკურატურის ქმედებები კანონსაწინააღმდეგო არ ყოფილა. სწორედ ამის შემდეგ მიმართა მეარაყიშვილმა სასამართლოს.

მეარაყიშვილის პროცესის მოგება ნიშნავს იმას, რომ გენერალურმა პროკურორმა მის საჩივარზე მოტივირებული დადგენილება უნდა მიიღოს, რომელშიც დაასაბუთებს მის მიმართ წარმოებული “ცილისწამების” საქმის კანონიერად დაწყებას.

“10 თვე სრულდება, რაც ს/ს საქმეა აღძრული, ამ პერიოდში მეორე საქმეც აღძრეს, მაგრამ არც გამოძიება მიდის- რისთვისაც დამაპატიმრეს, ჩაატარეს ჩხრეკა, წაიღეს პირადი ნივთები და არ ვიცი, რას აკეთებენ. მთელი ეს პერიოდი უმოქმედობაა. როდესაც გენპროკურატურისგან უარი მივიღეთ, შემდეგ უკვე სასამართლოს მივმართეთ, გაეუქმებინა პროკურატურის უკანონოდ აღძრული საქმე. არც სასამართლომ დააკმაყოფილა. ახლა ეგ საქმე უზენაეს სასამართლოშია – ერთი პროცესი დარჩა და, სამწუხაროდ, რამდენიმე თვეა ველი.

მარტში კი სასამართლოს ახალი სარჩელით მივმართე – გენერალური პროკურორის უმოქმედობაზე. პირველმა ინსტანციამ მხარი დაუჭირა ჩემ სარჩელს და მიიჩნია, რომ გენპროკურორი უმოქმედოა, რითიც ირღვევა ჩემი უფლებები. პროკურატურამ გაასაჩივრა, მაგრამ დღეს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამაც დამიჭირა მხარი. ახლა კიდევ ერთი პროცესი დარჩა – უზენაესის პრეზიდიუმში”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში თამარ მეარაყიშვილი.

მას შემდეგ დღემდე საგამოძიებო ორგანოებს მეარაყიშვილისთვის არ დაუბრუნებიათ პირადი ჩხრეკის დროს ჩამორთმეული ნივთები, მათ შორის საბუთები, რის გამოც ის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიას ვერ ტოვებს.

რაც შეეხება მის წინააღმდეგ მეორე საქმეს, ის უკავშირდება დოკუმენტების, კერძოდ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის უკანონოდ მიღებას.

მეარაყიშვილის საქმეზე ცხინვალის ხელისუფლების მისამართით არაერთი განცხადება და მიმართვა გაკეთდა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველების მხრიდან.

მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყებამდე თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი