ახალი ამბები

მირზა სუბელიანმა 9-საათიანი დაკითხვის შემდეგ შსს დატოვა

8 ივნისი, 2018 • 1812
მირზა სუბელიანმა 9-საათიანი დაკითხვის შემდეგ შსს დატოვა

9-საათიანი დაკითხვის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვა მირზა სუბელიანმა. სუბელიანი ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იკითხებოდა.

სუბელიანმა განაცხადა, რომ დაკითხვის შესახებ საუბარი არ შეუძლია, რადგან გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ მირზა სუბელიანი მკვლელობაში მონაწილეებს მფარველობს, თავად მირზა სუბელიანს კი ხელისუფლება აფარებს ხელს.  მირზა სუბელიანი მთავარი პროკურატურის თანამშრომელი იყო. ამ ფაქტის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა. “რუსთავი 2–ის” მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, მკვლელობის შემდეგ სუბელიანი სტუმრობდა ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის ოჯახს, რომელიც მისი ნათესავია.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი