ახალი ამბები

თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით, ხვალ აქცია გაიმართება

7 ივნისი, 2018 • 7019
თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით, ხვალ აქცია გაიმართება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით, ხვალ, 8 ივნისს იუსტიციის სახლთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია საინიციატი ჯგუფი – თავისუფლებისთვის. აქცია 19:00 საათზე დაიწყება.

აქციის ორგანიზატორები მიიჩნევნ, რომ:

[crosslist]

  • იუსტიციის მინისტრი არის პერსონალურად პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელიც არ განხორციელდა
  • იუსტიციის მინისტრმა არ იზრუნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს
  • იუსტიციის მინისტრმა მთავარ პროკურორ შოთაძეს მადლობა გადაუხადა კარგად შესრულებული საქმიანობისთვის მისი გადადგომის შემდეგ
  • იუსტიციის მინისტრის მიერ შერჩეულმა ოთხიდან ვერც ერთმა მთავარმა პროკურორმა ვერ იმუშავა დამოუკიდებლად
  • თეა წულუკიანი არ აღიარებს და პატივს არ სცემს სასამართლო ხელისუფლებას! ის არ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს გახმაურებულ საქმეებზე, იყენებს ინსტიტუციურ მექანიზმებს პირადი მიზნებისთვის, უკანონოდ ათავისუფლებს თანამშრომლებს სამსახურიდან
  • იუსტიციის მინისტრმა არამიზნობრივად გაზარდა საშტატო ერთეულთა რაოდენობა იუსტიციის სისტემაში და პარტიული აქტივისტებით გაავსო სამინისტრო
  • თეა წულუკიანს არ აქვს იურისტის დიპლომი
  • სტრასბურგმა ორჯერ დაუწუნა მოსამართლეთა სია
  • წაგებული აქვს თითქმის ყველა საქმე საერთაშორისო დონეზე
  • იუსტიციის მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა არასამთავრობო სექტორმა;

[/crosslist]

“იმისათვის, რომ აღდგეს პროკურატურისადმი ნდობა, აუცილებელია, მთავარ პროკურორად შეირჩეს პირი, რომელიც არ არის აფილირებული მმართველ პარტიასთან და სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, დარწმუნებული ვართ, რომ თეა წულუკიანი ვერ შეარჩევს დამოუკიდებელ პროკურორ., სწორედ ამიტომ, ვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას და ახალი იუსტიციის მინისტრის შერჩევას სამოქალაქო საზოგადოებრივი კონსნესუსის შედეგად, მისი წინამორბედის შეცდომებისა და ნაკლოვანებების გათვალისწინებით”,- ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაცაიში.


თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააყენეს. 5 ივნისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ არ დაასახელებენ მთავარი პროკურორობის კანდიდატს და მხოლოდ ახალი იუსტიციის მინისტრის პირობებში გამართავენ კონსულტაციებს მთავარი პროკურორობის კანდიდატთან დაკავშირებით.

მთავარი პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად ირაკლი შოთაძე გადადგა. თბილისში, ხორავას ქუჩაზე გასულ წელს მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დათო სარალიძის მამა მთავარ პროკურატურას დანაშაულის ჩამდენების მფარველობაში ადანაშაულებს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ახალ მთავარ პროკურორს დანიშნავენ საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად. კვირიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას წულუკიანის გადაყენებასთან დაკავშირებით აბსურდული უწოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი