ახალი ამბები

დეპუტატი შალელაშვილი სააკაშვილს ანტისემიტიზმში ადანაშაულებს

7 ივნისი, 2018 • 3120
დეპუტატი შალელაშვილი სააკაშვილს ანტისემიტიზმში ადანაშაულებს

“ქართული ოცნების” წევრი შოთა შალელაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ანტისემიტურს და რასისტულს უწოდებს და მის წინააღმდეგ სამართლებრივ პროცედურებს აანონსებს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელშიც  “აფერისტს” და “რუს ებრაელს” ახსენებს, მსოფლიოში სხვადასხვა ებრაულ ორგანიზაციებს და აშშ-ის კონკრესს გაუგზავნის.

“სამწუხაროდ, არ მქონდა ნანახი “რუსთავი 2″-ის სიუჟეტი, სადაც მიხეილ სააკაშვილმა აფერისტი და  რუსი ებრაელი მიწოდა. პირადად მე ამას როგორც ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებად ვაფასებ, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს არა მხოლოდ მე, არამედ საქართველოში მცხოვრებ ებრაულ საზოგადოებას. ამ კაცმა მოახერხა და ამ სამ სიტყვაში სამი დანაშაული ჩაიდინა. პირველი, როდესაც საუბრობს აფერისტი, ეს არის ღირსების შემლახველი ფორმა. მეორე- რასისტული და მესამე- ანტისემიტური. ამ ტიპის განცხადებაზე ვიწყებ შესაბამის პროცედურას სამართლებრივ დონეზე. ჩემი რეაქცია მაქსიმალურად მკაცრი იქნება. მისი ეს განცხადება გადაიგზავნება მრავალ ებრაულ ორგანიზაციაში მთელ მსოფლიოში. განცხადებას ასევე გავაგზავნით აშშ-ის კონგრესის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. სააკაშვილის ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებაზე ველი შესაბამის რეაქციას პოლიტიკური ძალების მხრიდან, მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. იმედი მაქვს, ისინი ამ განცხადებას გაემიჯნებიან და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ,”-აცხადებს შოთა შალელაშვილი.

[red_box]სააკაშვილის რა განცხადებას მიიჩნევს შალელაშვილი ანტისემიტურად[/red_box]

27 მაისს “რუსთავი 2”-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილმა შოთა შალელაშვილის შვილზე და ბიძინა ივანიშვილთან დეპუტატის ბიზნესურთიერთობაზე ისაუბრა. მე-3 პრეზიდენტის თქმით, დეპუტატის შვილი აშშ-ში ფულის მოპარვისთვისაა გასამართლებული. “რუსთავი 2”-ის ეთრში მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ შოთა შალელაშვილი უკანონოდ მოპოვებულ ფულს ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდში” დებს.

“ბიტკოინების ქარხნით პირადად ივანიშვილმა შარშან 200 მლნ დოლარი გააკეთა. მე თქვენ გეტყვით, როგორ შეგიძლიათ იგრძნოთ. დენი ხომ გაგიძვირდათ?! რატომ გაგიძვირდათ?! იმიტომ, რომ ბიტკოინების ფაბრიკამ წაიღო თქვენი დენი. ამიტომ, როდესაც ყოველ ჯერზე დენის გადასახადს იხდით, მოკითხვა ბორია ივანიშვილს შეუთვალეთ, შეუთვალეთ მოკითხვა აფერისტ, მის ჩამოყვანილ რუს ებრაელს, რომელიც რატომღაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა,”-განაცხადა მიხიელ სააკაშვილმა.

პარლამენტის წევრის თქმით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ბიზნესურთიერთობა არასდროს ჰქონია. შოთა შალელაშვილმა მედიასთან  შვილის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ-ში კიბერთავდასხმაშია ბრალდებული და საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

“ჩემი შვილი აშშ-ში კიბერთავდასხმაში ეჭვმიტანილი მართლაც  იყო. ის წინასწარ პატიმრობაში არ არის და ველოდებით სასამართლო გადაწყვეტილებას. ჩვენი მონაცემებით, ის გამართლებული იქნება,”-განაცხადა შოთა შალელაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი